კალათბურთის განვითარების პროექტის ფარგლებში რეგიონებში მორიგი ვიზიტები განხორციელდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები ქვემო ქართლსა და კახეთში იმყოფებოდნენ, სადაც სტანდარტულ საკალათბურთო ინვენტართან ერთად ინოვაციური, სროლის ტექნიკის დასახვეწი ტრენაჟორები ჩაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან – YDF (Youth Development Fund) – თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრები სისტემატურად სტუმრობენ საქართველოს რეგიონებს და მათ ყველა საჭირო ინვენტარით – სათამაშო ბურთებით, თანამედროვე ტაბლოებით, საკალათბურთო ფარებით, სათამაშო ფორმები, ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის დრიბლინგის დასახვეწად საჭირო სპეციალური სათვალეებით ამარაგებენ. მოთამაშეებთან ერთად ინვენტარი განკუთვნილია მწვრთნელებისთვისაც – ესაა სამწვრთნელო დაფები, სასტვენები, სხვადასხვა სპორტული ამუნიცია.
კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, სხვადასხვა ინვენტართან ერთად რეგიონებში თანამედროვე, ეგრეთწოდებული სროლის ტრენაჟორი გაეგზავნათ. რეგიონული განვითარების დეპარტამენტის შეკვეთით თურქეთში დამზადდა აღნიშნული ტრენაჟორები, რომელიც დამწყები კალათბურთელებისთვის სროლის ტექნიკის სწორად ათვისებისთვისაა განკუთვნილი. მასზე ვარჯიში შესაძლებელია იმ მოზარდებისთვისაც, რომლებსაც, როგორც იტყვიან, სროლა აქვთ გასასწორებელი.
სხვადასხვა საკალათბურთო ინვენტართან ერთად სროლის ტრენაჟორი შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებმა მიიღეს. პროექტის ფარგლებში რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი, მისი მოადგილე, ალეკო პეტრიაშვილი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი რუსთავში, თელავსა და ლაგოდეხში იმყოფებოდნენ, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საკალათბურთო სექციების მუშაობა და მიღებული ინვენტარი მათ საქმიანობას კიდევ უფრო გააფართოებს.
პროექტის ფარგლებში, ინვენტარით მომარაგების მიზნით მორიგი გასვლა აპრილის თვეში სამცხე-ჯავახეთშია დაგეგმილი.
ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა სტუმრობა რუსთავში
ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა სტუმრობა თელავში
ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთა სტუმრობა ლაგოდეხში