ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია! სერჟიო სკორიოლოს გაწვრთნილი გუნდი, რომელმაც ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპი თბილისში ითამაშა და 5 მატჩიდან 4 მოიგო, ბერლინში გამართული პლეი ოფი წაუგებლად განვლო და ფინალში საფრანგეთის ნაკრებსაც დამაჯერებლად სძლია – 88:76 (სტატისტიკა).
აღსანიშნავია, რომ მე-2 მეოთხედში ესპანეთის ნაკრები 21 ქულის სხვაობით (47:26) დაწინაურდა და თითქოს, ფინალის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა, ფრანგები აფრანგებმა მე-2 მეოთხედის ბოლო და მე-3 მეოთხედის სტარტი 20:2 მოიგეს და ჩამორჩენა 3 ქულამდე შეკვეცეს – 46:49.
ესპანელებმა წუთშესვენება აიღეს, ტაქტიკა შეცვალეს და მორიგი გაქცევის შემდეგ ანგარიში 58:46 გახდა. ეს იყო გადამწყვეტი ეპიზოდი, რის შემდეგაც ფრანგები მეტოქეს 6 ქულაზე ახლოს ვეღარ მიუახლოვდნენ.
ფინალის გმირი ხუანჩო ერნანგომესი გახდა, რომელმაც 27 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ვილი ერნანგომესს 14 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა, ლორენსო ბრაუნს – 14 ქულა და 11 პასი, ხაიმე ფერნანდეს კი – 13 ქულა.
საფრანგეთის ნაკრებში გამოირჩნენ: ევან ფურნიე (23 ქულა), ტომას ერტელი (16 ქულა, 7 პასი) და გერშონ იაბუსელე (13 ქულა, 6 პასი) იყვნენ.
ცნობისთვის, ესპანელებმა ტურნირზე ერთადერთი მარცხი თბილისში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე ბელგიასთან განიცადეს (73:83), სამაგიეროდ, სძლიეს ბულგარეთს (114:87), საქართველოს (90:64), მონტენეგროს (82:65), თურქეთს (72:69), ლიეტუვას (102:94), ფინეთსა (100:90) და გერმანიას (96:91).
ევროპის პირველობის სიმბოლურ ხუთეულში ესპანეთის ნაკრების 2 კალათბურთელი მოხვდა: ბრაუნი და ვილი ერნანგომესი (ის ტურნირის MVP-ს ტიტულის მფლობელიც გახდა). მათ გარდა ბერძენი იანის ანტეტოკუნმპო, ფრანგი რუდი გობერი და გერმანელი დენის შრიოდერი გამოარჩიეს.
როგორც აღვნიშნეთ, ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი მეოთხედ გახდა და თანაც მაშინ, როდესაც სკარიოლოს შეგირდებს ტურნირის უმთავრეს ფავორიტებს შორის არავიან მოიაზრებდა. ესპანელთა გასული ტრიუმფები 2009, 2011 და 2015 წლებს უკავშირდება.