საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის,ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.
საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის, FIBA-ს ტრადიციული პროექტის, „ტროფი ტურის“ ფარგლებში, საქართველოს ევრობასკეტის თასი ეწვია, რომელიც ნიკოლაი სემაშკოს სახელს ატარებს.
ევრობასკეტის თასს უმასპინძლეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ოლიმპიურმა მუზეუმმა, თბილისის საკრებულომ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა სპონსორმა – საქართველოს ბანკმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მედია პარტნიორმა საქართველოს პირველმა არხმა. ქართული ტურის ფარგლებში, ევრობასკეტის თასი ეწვია დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებს, ასევე “გარდენია შევარდნაძეს”, მთაწმინდის პარკს და ბოლოს, თბილისის სპორტის სასახლეს, სადაც საქართველო-ისრაელის ამხანაგური მატჩი გაიმართა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ყველას, ევრობასკეტის თასის გულთბილი მასპინძლობისთვის.