თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

თბილისში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად, თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, 10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის პროცესი არ შეჩერებულა. სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციებისა და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მშენებლობა წინასწარ დათქმული ვადების გათვალისწინებით გრძელდება, რომლის თანახმად, ახალი სპორტის სასახლე 2021 წლის ზაფხულში სრულ მზადყოფნაში იქნება.

საქართველო ისტორიაში პირველად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიოში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, კალათბურთის ევროპის ჩემოპიონატიც, ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი, ერთი წლით გადაიდო და „ევრობასკეტი 2021“ მომავალი  წლის ნაცვლად 2022 წელს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ FIBA ევროპის ჩემპიონატს წინასწარ დათქმულ ვადებში ჩაატარებდა, თბილისის ახალი სპორტის სასახლე უდიდეს საკალათბურთო ფორუმს სრულ მზადყოფნაში შეხვდებოდა.

დღევანდელი მდგომარეობით, მთლიანად დასრულებლია საძირკველის მოწყობის და მშენებლობის საწყისი ეტაპის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები, ასევე დასრულებულია ხიმინჯების (110 ცალი) შენება, სრულად დამთავრებულია ნულოვანი ბეტონის ფილისთვის ლითონის კონსტრუქციის ქსოვის სამუშაოები, ამჟამად კი მიმდინარეობს კოლონების მოწყობის სამუშაოები და პირველი სართულის მშენებლობა. მშენებლობის ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საინფორმაციო ბანერები. მშენებარე ობიექტზე დაცულია ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმა.