დღეს დუდუ დადიანის მემორიალზე მინიმუმ 1 ნახევარფინალისტი უნდა გამოვლენილიყო. ოლიმპისა და კავკასიის დაპირისპირებაში გამარჯვებული C ჯგუფის პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა ეს მატჩი არ შედგა. ოლიმპიური სასახლის მცირე დარბაზში დღეს დაგეგმილი 4 მატჩიდან ბოლო შეხვედრა შენობის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. საღამოს მოსული წვიმის დროს დარბაზში წყალი ჩამოვიდა და С ჯგუფის 2 დაუმარცხებელი გუნდის შეხვედრა 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
მიუხედავად ამისა, ერთი ნახევარფინალისტი მაინც გამოვლინდა. პირველ შეხვედრაში თსუ-მ დაძაბულ ბრძოლაში, ისევ ერთი ქულით იმარჯვა და B ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. გუშინ უნივერსიტეტელებმა ცხუმ-აფხაზეთს 81:80 მოუგეს, დღეს კი ბათუმსაც მინიმალური სხვაობით – 78:77 (სტატისტიკა) სძლიეს. გამარჯვების სამქულიანი, საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ბექა ბექაურმა ჩააგდო, რომელიც მატჩის ბომბარდირი და გმირი გახდა – 29 ქულა, 11 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.
მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ს ერთი მატჩი დარჩა, ჯგუფში პირველობა მაინც განაღდებული აქვს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა რომც წააგონ, ბათუმისა და ცხუმ-აფხაზეთის უკან მაინც არ აღმოჩნდებიან, რადგან ორივე ეს გუნდი დამარცხებული ჰყავთ და თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთშეხვედრებით აჯობებენ. A ჯგუფში სამმა გუნდმა რომ 2-2 მოგება დააგროვოს, გამორიცხულია, რადგან ბათუმი და ცხუმ-აფხაზეთი ბოლო ტურში ერთმანეთს ეთამაშებიან, ხოლო პირველობაგანაღდებული თსუ კი, როგორც ვთქვით, კაკტუსს ხვდება.
დღეს გამართულ ერთ-ერთ მატჩში უმოტივაციო გუნდები ხვდებოდნენ. ტიტებსა და ვერას წინა 2-2 მატჩი წაგებული ჰქონდათ და პრესტიჟის მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ტიტები მთელი შეხვედრა იგებდა, ხან ბევრით, ხანაც მცირედით, საბოლოოდ კი 6 ქულით გაიმარჯვა – 80:74 (სტატისტიკა). ორივე მათგანმა დუდუ დადიანის მემორიალი ამ მატჩით დაასრულა.
ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩინა ცხუმ-აფხაზეთმა, რომელმაც კაკტუსს საკმაოდ იოლად – 86:68 (სტატისტიკა) მოუგო. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილ ცხუმელებს ბოლო ტურში, 15 ოქტომბერს, ბათუმის დამარცხების შემთხვევაში მეორე ადგილი გარანტირებული აქვთ და როგორც მემორიალის გათამაშების ფორმატი ითვალისწინებს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსანიც გადის.
როგორ უნდა გამოვლინდეს საუკეთესო მეორეადგილოსანი, როცა ჯგუფებში გუნდების არათანაბარი რაოდენობაა? იმ ჯგუფებში, რომლებშიც 4 გუნდია (A და B), მე-2-ზე გასულებს ბოლოადგილოსანთან ნათამაშები მატჩის შედეგი გამოაკლდებათ და მიღებულ ცხრილში ყველა გუნდს თამაშების თანაბარი რაოდენობა (2 მატჩი) გამოუვა ჩატარებული. სწორედ ამის შემდეგ, მეორეზე გასულთაგან გამოვლინდება ის მე-4 გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს. ამ წესის გამო, ბოლო ტურში რუსთავს, ცხუმ-აფხაზეთსა და ბათუმს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ და თანაც, მოგება, რაც შეიძლება დიდსხვაობიანი უნდა იყოს.