თვალაბეიშვილის 8-დან 8 ორქულიანი და საჯარიმო: რუსთავმა ტიტები დაამარცხა

თვალაბეიშვილის 8-დან 8 ორქულიანი და საჯარიმო: რუსთავმა ტიტები დაამარცხა

მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ცოტა მატჩი ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთავს ჰქონდა ჩატარებული, რომელმაც დღეს “ქიმიკოსთან” დარბაზში ტიტებს უმასპინძლა და ჩატარებული შეხვედრებით მგზავრებს გაუთანაბრდა. ქვემოქართლელებმა სუპერლიგის პირველი მატჩი წინა ტურში, დინამოსთან წააგეს და დღევანდელ შეხვედრაში საკუთარი ძალა და ამბიცია საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდათ დასამტკიცებელი. 

ეს გახლდათ ასევე ახალბედა მწვრთნელთა დუელი. მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა ეროვნულ ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელები და ახლა უკვე მწვრთნელთა შტაბში კოლეგები არიან. ბოისა რუსთაველებს უძღვება, მარკოიშვილი – ტიტებს, რომელთა დღვანდელი სამწვრთნელო დუელიც საინტერესო გამოდგა. 

მატჩი რუსთაველთა ლიდერობით წარიმართა, თუმცა ტიტები არ რჩებოდა და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. ქვემოქართლელთა უპირატესობა პერიოდულად ათქულიან ზღვარს სცდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მოწყობილი გაქცევის შედეგად მარკოიშვილის გუნდმა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა. მასპინძელთა წუთშესვენებამ იმუშავა. რუსთაველებმა თამაში გამოაკეთეს და ამერიკელი ლეგიონერების – ჯილან ვაშინგტონის, მალიქ უაიტისა და მაიკ დევისის შედეგიანი თამაშით, რომლებსაც გიორგი თვალაბეიშვილიც დიდად დაეხმარა, მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს. 

საბოლოოდ რუსთავმა 89:82 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და დაკარგული ქულებით სუპერლიგაში მხოლოდ ქუთაისს ჩამორჩება. ქვემოქართლელებს თვალაბეიშვილმა ულიდერა, რომელმაც გამორჩეული სტატისტიკა დააფიქსირა: 8-დან 8 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო. მოგროვებულ 24 ქულას თვალაბეიშვილმა 4 მოხსნა შემატა და საკუთარ გუნში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. 18 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი მოუგროვდა მაიკ დევისს, მაილ უაიტის ანგარიშზე კი 16 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა იყო. ტიტებში 16 ქულით, 11 პასითა და 8 მოხსნით თავი ჯორდონ თალიმ გამოიჩინა. 20 ქულა და 10 მოხსნა ტაილან ბირტსის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩი 29 დეკემბერს ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ ოლიმპი ჩავა.