ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით ბერძენიშვილი და ირაკლი ბაქრაძე – ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე (VIDEO)

ვახტანგ ნაცვლიშვილი, დავით ბერძენიშვილი და ირაკლი ბაქრაძე – ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე (VIDEO)

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტი „ქართული კალათბურთის ისტორიის შესახებ“ გრძელდება (➞იხილეთ ვრცლად) . 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი Eurobasket2021ის ფარგლებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ქართული კალათბურთის წინაშე დამსახურებული მოთამაშეების და მწვრთნელების ღვაწლის წარმოჩენას, საზოგადოებისთვის მათი საქმის კიდევ ერთხელ შეხსენებას და ქართული კალათბურთის მრავალწლიანი ისტორიის გაზიარებას გულშემატკივრებისთვის და მომავალი თაობისთვის.

გასულ კვირას საქართველოს ნაკრების 90-იანი წლების სამი კალათბურთელი შეგახვედრეთ – ნიკოლოზ დერიუგინი, მიხეილ კობეშავიძე და დუდუ დადიანი. იქვე წაიკითხავდით ვახტანგ ნაცვლიშვილის კომენტარს – 1995 წლის 24 მაისს როგორ გახსნა სანაკრებო ანგარიში ნიკოლოზ დერიუგინის პასით.

პირველ ოფიციალურ მატჩს წინ უძღოდა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა: ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დაწყებული, კალათბურთის ფედერაციის დაფუძნებითა და ნაკრების შექმნით დამთავრებული.

როდის დაიბადა ნაკრები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ არის:

“1994 წლის 20 მარტს ისტორიული შეხვედრის მონაწილე გავხდი, – მოგვითხრობს ვახტანგ ნაცვლიშვილი, – სწორედ ამ დღეს, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გადაწყდა, რომ უნდა შექმნილიყო საქართველოს ნაკრები და მიზნად ევრობასკეტზე მოხვერა დაესახა. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ვერ ვაცნობიერებდით, რომ ახალი ეპოქის დაწყების თანამონაწილენი ვიყავით. თუ მანამდე ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და სხვები საბჭოეთის ფარგლებში ქმნიდნენ ისტორიას, 1994 წლიდან მათ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით უნდა ეთამაშათ…  კარგად მახსოვს, ჩვენს პასუხისმგებლობაზე როგორ ილაპარაკა ლეგენდარულმა ოთარ ქორქიამ.”

სიმბოლურია, რომ ბატონი ოთარი საბჭოთა ნაკრების შექმნის სათავეებთანაც იდგა: სსრკ ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1947 წელს გამოჩნდა და ოთარ ქორქიას შეწევნით (ფინალში ჩეხოსლოვაკიას 23 ქულა ჩაუგდო) ოქრო მოიპოვა.

  ვახტანგ ნაცვლიშვილს ხანგრძლივი და საინტერესო კარიერა ჰქონდა – ნაკრებში 1995-დან 2007-მდე ითამაშა. რაც მთავარია, კაპიტანი იყო.

ყველაზე უკეთ თურქეთთან საშინაო მატჩი მაგონდება, რომელშიც 33 ქულა ჩავაგდე და გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით. საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი შეხვედრა ჩაუტარებია. 90-ან წლებში, მართალია გუნდი ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ მათ კარგი სკოლა ჰქონდათ გავლილი და კლასიც მაღალი ჰქონდათ.

ვატომ საქართველოს ნაკრებში ბოლო მატჩი 2007 წლის 1 სექტემბერს ფინეთის წინააღმდეგ ითამაშა. 20 წუთში 10 მოხსნა, 7 ქულა, 2 პასი და 1 დაფარება – ასეთი იყო მისი მონაგარი ფინეთთან, რაც ერთი-ორად ჩამოუვარდება საშუალო სანაკრებო სტატისტიკას: 40 მატჩში ვატოს 595 ქულა (საშუალოდ 14.9) აქვს ჩაგდებული და 271 (6.8) ჯერ აქვს მოხსნილი.

კალათბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ვატო ნაცვლიშვილმა თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის რანგში ორჯერ იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა.

ექსპერტის აზრი

“კაკტუსში” ვახტანგ ნაცვლიშვილი თამაზ ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით თამაშობდა. ამ სპაციალისტის (გარდაიცვალა 2014 წელს) ხელში უამრავ თაობას გამოუვლია და საინტერესო უნდა იყოს მისი მოსაზრება ნაცვლიშვილის შესახებ:

ვატო ხასიათით ლიდერია, მებრძოლი და არ იცის, შიში რა არის. მას იმაზე გაცილებით მეტისთვის უნდა მიეღწია, ვიდრე ეს შეძლო. ვფიქრობ, ნაცვლიშვილმა შესაძლებლობების მხოლოდ 25-30 პროცენტი გამოავლინა. ამის მიზეზის დასახელება მიჭირს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პერიოდში უწევდა მოღვაწეობა. პროფესიულ ზრდას არცთუ სახარბიელო დრო დაემთხვა, 90-იანი წლების შუაში საქართველოში მეტად რთული ვითარება იყო. შეიძლება რაღაცრაღაცები დასახვეწი იმიტომაც დარჩა, რომ ნიჭის ხარჯზე ყველაფერს მეტისმეტად იოლად აღწევდა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა არაერთხელ გამოძახა ახალგაზრდა გეგი ბაქრაძე, რომელიც გონივრული თამაშით დიდ თავსატეხს უჩენს შემტევ მეტოქეებს. გეგი ირაკლი ბაქრაძის ვაჟია. მამა საქართველოს ნაკრებში სწორედ კარგი დაცვის გამო ხვდებოდა.

ირაკლი ბაქრაძე ნაკრების მიერ გამართულ პირველივე შესარჩევში თამაშობდა, შემდეგ იყო ნახევარფინალური ეტაპი და სანაკრებო კარიერაც 8 მატჩის შემდეგ დაასრულსხვა საინტერესო ამბებთან ერთად ირაკლის ერთი  სახალისო ისტორია უკავშირდება. ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე მიფრინავდა. ბაქრაძემ და რეზო ჩხეიძემ ბორტგამცილებელ ქალს თავი მოაწონეს და თხოვნით მიმართეს,  რომ თვითმფრინავის სალონში საჯაროდ გაეჟღერებინა ლეგენდარული კალათბურთელის კოლია  დერიუგინის  “გარდაცვალების” ამბავი. ბაქრაძემ და ჩხირომ კოლიას ტიტულების ჩამონათვალი საგრძნობლად გაზარდეს. სტიუარდესამ შუა ფრენისას მგზავრებს კოლიას “გარდაცვალების” ამბავი დამწუხრებულმა აუწყა. გუნდთან ერთად მყოფი დერიუგინი საკუთარ ნეკროლოგს “ცოცხლად” უსმენდა. ყველაზე საოცარი კი ის გახლავთ, რომ დერიუგინს  “ნეკროლოგზე”, უფრო მეტად მომატებული ასაკის გაგონება ეწყინა. მაშინ კოლია 37-ის იყო, ბიჭებმა კი ბორტგამცილებელს 40  წელი გამოაცხადებინეს. საინტერესო უნდა იყოს ირაკლი ბაქრაძის მოსაზრება საკუთარ ვაჟზე:

“გეგა ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მცველია.  დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს მხოლოდ 30 %-ით ამჟღავნებს. გეგა შებოჭილია, რაც მისი რთული ხასიათითაა განპირობებული. თუმცა შრომისმოყვარეობისა და სათანადო გამოცდილების წყალობით შესაძლებლობების რეალიზებას აუცილებლად მოახერხებს.”

1995 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს ევროსაკვალიფიკაცისთვის საქმე ასარჩევად ჰქონდათ – ერთმანეთზე კარგი წინახაზელები ჰყავდათ: ნიკოლოზ დერიუგინი, ვლადიმერ სტეფანია, ვახტანგ ნაცვლიშვილი… ასეთ კონკურენციაში დავით ბერძენიშვილის ადგილიც მოიძებნა, რაც მის სარგებლიანობას უსვამს ხაზს.

 

ისევე როგორც მისი თაობის ბევრმა კალათბურთელმა, საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერც დათომ გამოავლინა, თუმცა ცხრაწლიან სანაკრებო კარიერაში 22 მატჩი გამართა.

ის იყო შვედეთთან მატჩში მომხდარი ჩხუბის “ინიციატორიც”…

“სპორტის სასახლეში, საქართველო-შევედეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრისას, სკანდინავიელთა პროვოკაციამ ორმხრივი ჩხუბი გამოიწვია. ჩვენები განსაკუთრებით აქტიურობდნენ და შვედებზე პრაქტიკულად მთელი გუნდი იწევდა. ერთადერთი მე ვიყავი, ვინც თანაგუნდელთა დაშოშმინებას ვცდილობდი და მოშუღარ მხარეთა შუაშიც ჩავდექი. მატჩის არბიტრებმა კი ჩემი აქტიური ქმედება ვითარების ესკალაციად შეაფასეს და მოედნიდან მაინცდამაინც მე გამაძევეს,” – ღიმილით იხსენებს დათო ბერძენიშვილი.

მან ევროპაც მოიარა, ბრაზილიაშიც ითამაშა და საქართველოში დაბრუნებულმა ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა. საქართველოს ნაკრებში კი ბოლო მატჩი 2004 წლის 15 სექტემბერს მაკედონიაში ითამაშა.

 

კარიერის დასრულების შემდეგ დავით ბერძენიშვილმა კლასიკურ გიმნაზიაში (ყოფილი საჯარო პირველი სკოლა) საკუთარი ბავშვთა საკალათბურთო სკოლა გახსნა, სადაც დათო მწვრთნელის ფუნქციას ასრულებს.

 

გულშემატკივრებისთვის საინტერესო ამბების მოყოლა გაგრძელდება… ზუსტად ერთ კვირაში ჩვენ გიამბობთ საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრების მწვრთნელების და ორი კალათბურთელის შესახებდავით თორთლაძე და  რევაზ ჩხეიძე.