საქართველოს ვეტერანთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან განაგრძობს. მალხაზ კოხრეიძის გაწვრთნილმა ქართველმა ვეტერანებმა, რომლებიც ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე მუნდიალზე 50 წელს გადაცილებულთა კატეგორიაში ასპარეზობენ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში – 59:54 დაამარცხეს და იტალიის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.
პოლონეთთან მატჩში 16 ქულით ბომბარდირი გახდა გულივერ ახალკაცი. 8 ქულა ჰქონდა ლევან წულაიას, 7 – ამროსი ორმოცაძეს, ხოლო პაატა გურასპულმა შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გამართული 3 მატჩიდან 2 მოიგო და მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე იტალია გავიდა, რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო.
დებულების თანახმად, საუკეთესო 2 გუნდი პლეი ოფში გავიდა. ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება, სადაც ჩვენი მეტოქეები ბრაზილიელები იქნებიან. შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება და გამარჯვებულს მეოთხედფინალში ურუგვაისა და რუსეთს შორის უმჯობესი ელის.