საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზა და სამწუხაროდ, ამ ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ილია ლონდარიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ზუკა მაჩალაძე და რეზო ჩაჩანიძე იცავენ, ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წამებზე დათმობილი 2 მატჩის გამო ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.
საკვანძო გახლდათ პირველივე მატჩი მასპინძელ რუმინეთთან. მატჩის ბედი ძირითად დროში ვერ გაირკვა. ოვერტაიმში კი საქართველო დაწინაურდა, თუმცა რუმინელთა მოთამაშემ შორი სროლა ჩააგდო და დამატებით დროში მოხვეჭილი 2 ქულის გამო რუმინეთმა გამარჯვება მოიპოვა – 17:16.
ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ჩვენი მეტოქე გახლდათ ირლანდია, რომელსაც საქართველომ 19:15 მოუგო. ჯგუფიდან გამსვლელ ორ გუნდში მოსახვედრად ქართველებს ბოლო ტურში ლიეტუვას დამარცხება სჭირდებოდათ. თავის მხრივ, ლიეტუვას ჯგუფიდან გასვლის საკითხი გადაჭრილი ჰქონდა. ბალტიისპირელებმა ორივე მეტოქე – რუმინეთიც და ირლანდიაც დამაჯერებლად დაამარცხეს, თუმცა საქართველოსთან მოსაგებად შემართულები გამოვიდნენ. ქართველები მთელი თამაშის მანძილზე იგებდნენ და მხოლოდ ბოლო წამებზე მოახერხეს ლიტუველებმა დაწინაურება. ბალტიისპირელებმა გამარჯვების ბურთი საჯარიმოდან, თამაშის დასრულებამდე 2 წამით ადრე ჩააგდეს – 16:15.
საქართველოს ნაკრები საბოლოოდ ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპის თასის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა. დებულების თანახმად, ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი ოფში გასული 8 გუნდი დაწყვილდა და მხოლოდ 4 მატჩი ჩატარდა, რათა გამოვლენილიყო 3×3 კალათბურთში ევროპის თასის 4 საგზურის მფლობელი. ესენი გახდნენ ლიეტუვა, უკრაინა, ნიდერლანდები და ესტონეთი. მეორე საკვალიფიკაციო ტურნირი ისრაელში გაიმართა, საიდანაც ფინალურ ეტაპზე გავიდნენ – ბელგია, ავსტრია, პოლონეთი და ისრაელი.