3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ტური ბათუმში ჩატარდა, სადაც ფინალური ეტაპის 1 საგზური გათამაშდა. ტური მოიგო და ფინალში გავიდა გუნდი MTM, რომელიც 20 ივლისს, “თბილისი მოლში” ეცდება ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. საქართველოს 3×3 საკალათბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა, ხოლო მხარდამჭერი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
Georgian Tour 2019 15 ივნისს, თბილისის შესარჩევი ტურნირით გაიხსნა. ლისის ტბაზე გამართული შესარჩევი ტურნირის საუკეთესო 8 გუნდი – Swish, Buckets, Vakis Parki, Lolebi, Vera, Rampage, Old Eagle და Scooby ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ, რომლებსაც 24 ივნისს თელავის ტურის გამარჯვებული Performers-ი, დღეს კი ბათუმში გამართული ტურის გამარჯვებული MTM შეუერთდა.
ტურნირი ბათუმში, ქართული ანბანის კოშკის ძირში გაიმართა, სადაც აჭარის რეგიონის 6-მა გუნდმა მოიყარა თავი. თამაშები 4 ჯგუფში ერთ წრედ გაიმართა, რის შედეგადაც ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში გავიდნენ. ნახევარფინალში MTM-მა Express-ს მოუგო, ხოლო alik&company-მ Team Swish-ს 14:9 სძლია. ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და MTM-ის გამარჯვებით – 16:13 დასრულდა. ბათუმის ტურის გამარჯვებული გუნდის ღირსებას თორნიკე გორგილაძე, მიშა ბოლქვაძე, მირიან გაბელაია და გიგა დვალიშვილი იცავდნენ.
გამარჯვებულები და მეორე ადგილის მფლობელები მედლებითა და სიგელებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. ბათუმის ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი MTM-ის წევრ, მიშა ბოლქვაძეს ერგო.
Georgian Tour 2019-ის შესარჩევი ტურები გაგრძელდება და 7 ივლისს ქუთაისში, ხოლო 18 ივლისს – რუსთავში ჩატარდება. ამ ტურებიდანაც ფინალში თითო საუკეთესო გუნდი გადავა. ფინალურ ტურნირს 20 ივლისს “თბილისი მოლი” უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონი ბუქარესტში, საერთაშორისო ტურნირ „ბუქარესტ ჩელენჯერზე“ გაემგზავრება, რომელიც რუმინეთის დედაქალაქში აგვისტოს თვეში გაიმართება.