საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ისრაელში მიემგზავრება. წმინდა ქალაქი იერუსალიმი ევროპის თასის (ასე ეწოდება კონტინენტის ჩემპიონატს) საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს. მთლიანობაში 3 საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება ისრაელში, კვიპროსსა (ლიმასოლი) და რუმინეთში (კონსტანცა). სამივე შესარჩევიდან 2-2 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს ფინალური ეტაპის საგზურს.
ევროპის თასის ფინალური ეტაპი 9-11 სექტემბერს ავსტრიის ქალაქ გრაცში გაიმართება და 6 ნაკრებს უკვე დაჯავშნილი აქვს ადგილი. ესენი არიან: მასპინძელი ავსტრია, ევროპის მოქმედი ჩემპიონი სერბეთი და რეიტინგში მოწინავე 4 ქვეყანა – ლიეტუვა, ლატვია, ბელგია და ჰოლანდია. შესაბამისად, ზემოთნახსენებ საკვალიფიკაციო ტურნირებიდან ფინალური ეტაპის საგზურს კიდევ 6 ქვეყნის ნაკრები მოიპოვებს და 12 გუნდიც შეიკვრება, რომლებიც იერუსალიმში კონტინენტის ჩემპიონს გამოავლენენ.
საქართველოს ნაკრებში 6 კალათბურთელია, რომელთაგან ისრაელში 4 გაემგზავრება. ჩვენი ნაკრები ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში რამდენიმე დღეა, ემზადება. ნაკრებს მოგვიანებით შემოუერთდნენ ილია ლონდარიძე და გიორგი კორსანტია, რომლებმაც სუპერლიგის სეზონი ყველაზე გვიან დაასრულეს. კორსანტიას “ქუთაისი 2010”-მა ფინალურ სერიაში ილია ლონდარიძის “ოლიმპი” დაამარცხა.
კორსანტია-ლონდარიძესთან ერთად ჩვენს ნაკრებში არიან: ნიკოლოზ დარბაიძე (თსუ), ლუკა მაზიაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი), ნიკა ჩეჩელაშვილი (ცხუმ-აფხაზეთი) და გიორგი ვახანია (ვერა). ნაკრებს არსებობის ისტორიაში პირველად დაენიშნა მთავარი მწვრთნელი – დავით გასიტაშვილი, რომელიც სუპერლიგის გუნდ “ვერას” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელია.
ისრაელში გასამართ საკვალიფიკაციო ტურნირში მთლიანობაში 11 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 2 საუკეთესო ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. გუნდები ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
A ჯგუფი: გერმანია, ხორვატია
B ჯგუფი: საფრანგეთი, უკრაინა, საბერძნეთი
C ჯგუფი: შვეიცარია, სლოვაკეთი, საქართველო
D ჯგუფი: სლოვენია, ისრაელი, პორტუგალია
თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო გავა. A ჯგუფში 2 ნაკრებია, რომლებიც მეოთხედფინალში კი გავლენ, თუმცა ჯერ ურთიერთშეხვედრაში ჯგუფში პირველ და მეორე ადგილებს გაინაწილებენ. სწორედ ამ ჯგუფს ეკვეთება საქართველოს ჯგუფიდან გასული 2 საუკეთესო. შესაბამისად, თუკი ჩვენი ნაკრები მოახერხებს მეოთხედფინალში გასვლას, ან გერმანიას შეხვდება, ან ხორვატიას.
საქართველოს ნაკრები ისრაელში 2 ივნისს, საღამოს გაემგზავრება, ხოლო 3 ივნისს ჯგუფის თამაშებს ჩაატარებს. პლეი ოფის მატჩები 4 ივნისს გაიმართება.