3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი ტური თელავში გაიმართა, სადაც ფინალური ეტაფის 1 საგზური გათამაშდა. ტური მოიგო და ფინალში გავიდა გუნდი Performers, რომელიც 20 ივლისს, “თბილისი მოლში” ეცდება ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
Georgian Tour 2019 15 ივნისს, თბილისის შესარჩევი ტურნირით გაიხსნა. ლისის ტბაზე გამართული შესარჩევი ტურნირის საუკეთესო 8 გუნდი – Swish, Buckets, Vakis Parki, Lolebi, Vera, Rampage, Old Eagle და Scooby ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ, რომლებსაც კვირას კახეთის ტურის გამარჯვებული Performers-ი შეუერთდა.
თელავში კახეთის რეგიონის 6-მა გუნდმა მოიყარა თავი. თამაშები 2 ჯგუფში ერთ წრედ გაიმართა, რის შედეგადაც საუკეთესო 2-2 გუნდი ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში Performers-მა თელავის აკადემიას 13:11 მოუგო, ხოლო მეორე წყვილში Squad-მა Rampage-ს 11:3 სძლია. ფინალური დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და ის Performers-ის გამარჯვებით – 12:10 დასრულდა. თელავის ტურის გამარჯვებული გუნდის ღირსებას გიორგი თამარაშვილი, ლაშა დაღელიშვილი, ზაზა ზაქარიაძე და გიორგი ჩაველაშვილი იცავდნენ.
გამარჯვებულები კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო იაგორაშვილმა და ცნობილმა ტელეწამყვანმა – დუტა სხირტლაძემ დააჯილდოვა. Georgian Tour 2019-ის შესარჩევი ტურები გაგრძელდება და ბათუმში (6 ივლისი), ქუთაისში (7 ივლისი) და რუსთავში (18 ივლისი) გაიმართება, რომელთაგან ფინალში თითო საუკეთესო გუნდი გადავა). ფინალურ ტურნირს 20 ივლისს “თბილისი მოლში” გაიმართება.