საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში დაიწყო. ტურნირს, რომელიც საკალათბურთო საზოგადოებაში Geotour-ის სახელით დამკვიდრდა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია 2014 წლიდან ატარებს და იგი წლეულს მეექვსედ იმართება. Geotour-ი ფიბა-ს ლიცენზირებულ მოედანზე ტარდება და იგი ფიბა-ს 3×3 კალათბურთის ოფიციალურ კალენდარშია ჩასმული. ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
Geotour-ის გათამაშების ფორმატის თანახმად ფინალური ტურნირისთვის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილ ტურებში ირჩევა. როგორც 3×3 კალათბურთის ყველაზე მსხვილ ბაზას, თბილისს ფინალურ ტურნირში 8 ადგილი აქვს, ხოლო დანარჩენი ქალაქებიდან მხოლოდ თითო გუნდი შეირჩევა. Geotour 2019-ის გახსნითი, თბილისის ტური, 15 ივნისს ლისის ტბაზე ჩატარდა. შესაბამისად, 8 საუკეთესო გუნდმა ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. ესენი არიან: Swish, Buckets, Vakis Parki, Lolebi, Vera, Rampage, Old Eagle და Scooby.
თბილისის ტური Old Eagle-მ მოიგო, რომელმაც ფინალურ მატჩში Swish-ი 15:11 დაამარცხა. ფინალში წაგებულ გუნდს შეადგენდნენ: უჩა გამყრელიძე, ლადო ფურცხვანიძე, დავით წივწივაძე და დიტო დვალიშვილი. ჩემპიონის ღირსებას კი მიხეილ ბერიშვილი, ზუკა მაჩალაძე, რეზო ჩაჩანიძე და გიორგი კორსანტია იცავდნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მიხეილ ბერიშვილი დასახელდა.
მომდევნო შესარჩევი ტურები თელავში (22 ივნისი), ბათუმში (6 ივლისი), ქუთაისში (7 ივლისი) და რუსთავში (18 ივლისი) გაიმართება. თბილისის შესარჩევი ტურის 8 საუკეთესოს ამ ქალაქებში გამარჯვებული გუნდები დაემატებიან და შეიკრიბება 12 საუკეთესო, რომლებიც Geotour-ის ფინალურ ტურნირს 20 ივლისს “თბილისი მოლში” ითამაშებენ.
ფინალური ტურნირის გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება რუმინეთში, “ბუქარესტ ჩელენჯის” ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც აგვისტოს თვეში რუმინეთის დედაქალაქში გაიმართება.