დღეს 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ბოლოსწინა შესარჩევი ტური გაიმართა. Geotour 2019-ის მორიგი გაჩერება ქუთაისი გახლდათ, სადაც იმერეთის რეგიონის 9 გუნდი შეიკრიბა და საუკეთესომ ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი 2014 წლიდან ტარდება და მისი ორგანიზატორი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.
Georgian Tour 2019 15 ივნისს, თბილისის შესარჩევი ტურნირით გაიხსნა. ლისის ტბაზე გამართული შესარჩევი ტურნირის საუკეთესო 8 გუნდი – Swish, Buckets, Vakis Parki, Lolebi, Vera, Rampage, Old Eagle და Scooby ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ, რომლებსაც კახეთის ტურის გამარჯვებული Performers-ი, ბათუმის საუკეთესო MTM და დღეს ქუთაისში მოგებული Daily შეუერთდნენ.
ქუთაისში იმერეთის რეგიონის 9 გუნდი შეიკრიბა, რომლებიც 3 ჯგუფში გადანაწილდნენ. ნახევარფინალში ჯგუფების გამარჯვებულები და 1 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავიდნენ. მომავალმა გამარჯვებულმა Daily-მ “ხონს” 16:12 აჯობა, “ქუთაისმა” კი Unicorns-ს 14:11 მოუგო. ფინალური მატჩიც დაძაბული გამოდგა, რომელშიც Daily-მ “ქუთაისს” 17:13 სძლია. გამარჯვებული გუნდის ღირსებას აკაკი ლომოური, გიორგი ბარბაქაძე, ბეგლარ ალთუნაშვილი და ირაკლი ქაცარიძე იცავდნენ.
ქუთაისურ ტურს ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია ამ ქალაქის “მაკდონალდსმა”. ტურნირი სწორედ ამ კომპანიის ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, ხოლო გამარჯვებულებისთვის “მაკდონალდსმა” სასაჩუქრე ვაუჩერები გამოყო.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ Daily-ს წევრი ბეგლარ ალთუნაშვილი დასახელდა.
Geotour 2019-ის ბოლო შესარჩევი ტური რუსთავში, 18 ივლისს გაიმართება, რომლის გამარჯვებულიც ფინალური ეტაპის მონაწილეებს 12-მდე შეავსებს. საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 20 ივლისს, “თბილისი მოლში” გაიმართება.