3×3 საკალათბურთო ტურნირების სერია განახლდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ მიმდინარე სეზონში “ზამთრის სერიები” უკვე გაიმართა, ახლა კი საგაზაფხულო სერიების ჯერი დადგა. 2022 წლის პირველ ტურნირს 7 აპრილს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.
3×3 SpringCup2022-ის სადებიუტო ტურნირზე სათამაშოდ თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ და ერთი წრის შემდეგ პირველ ადგილზე გასულმა გუნდებმა ნახევარფინალში გადაინაცვლეს.
საკმაოდ საინტერესო ჯგუფური ეტაპის თამაშების შემდეგ პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს Easy_K და Dream Team შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლა მეორე გუნდის გამარჯვებით – 13:11 დასრულდა. მეორე ნახევარფინალში კი Almeda-მ შედარებით იოლად – 21:15 დაამარცხა”მოყომარეები”.
ფინალური შეხვედრა საინერესო, სწრაფი და ემოციური გამოდგა. გუნდები ბოლო წუთებამდე თანაბრად მისდევდნენ ერთმანეთს, ხან ერთი მათგანი დაწინაურდებოდა მცირედით, ხან – მეორე. საბოლოოდ გამარჯვება Dream Team-ს დარჩა. ვაკა ბიჭაშვილმა, ლევან ძინძიბაძემ, ნიკოლოზ კირიაკიდმა და მირიან ინწკირველმა 17:14 დაამარცხეს საბა ებელაშვილი, ვახტანგ გუგულაშვილი, ბაქარ გაბისიანი და ლაშა მამფორია.
Dream Team-ს ჩემპიონის ტიტულთან ერთად 500-ლარიანი ვაუჩერი ერგო, ხოლო ფინალის წამგებმა almeda-მ 300 ლარი ირგუნა. პრიზიორები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.