2022 წლის საგაზაფხულო სერიების რიგით მე-5 ტურნირს 11 მაისს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, სადაც 3×3 კალათბურთის წამყვანი მოთამაშეები შეიკრიბნენ და საკმაოდ საინტერესო ბრძოლები გამართეს. 3×3 Spring 2022-ის მორიგ ტურნირში სათამაშოდ 12 გუნდი შეიკრიბა, რომლებიც ტრადიციულად 4 ჯგუფში განაწილდა.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ: “ლოლებმა” Dream Team-ს 21:12 მოუგო, ხოლო Scooby-მ 21:12 სძლია Triplet-ს. ფინალურ მატჩში Scooby-მ შანსი არ დაუტოვა მეტოქეს, რომელიც 21:9 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. Scooby-ის ღირსებას 4 კალათბურთელი იცავდა – დავით დადუნაშვილი, მიქაელ უგრეხელიძე, მამუკა ბაზუაშვილი და ირაკლი გლუნჩაძე.
3×3 Spring2022-ის 4000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან გამარჯვებულ გუნდს 500, ხოლო ფინალში წაგებულს – 300 ლარი შეხვდა. ორივე გუნდს ფულადი ვაუჩერები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.