3x3Geotour2023 კალათბურთის ფედერაციის პარტნიორ Bergo-ს ნაჩუქარ მოედანზე გაიხსნა

3x3Geotour2023 კალათბურთის ფედერაციის პარტნიორ Bergo-ს ნაჩუქარ მოედანზე გაიხსნა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ტექნიკური პარტნიორი გახდა სპორტული ინვენტარის და კონკრეტულად 3×3 საკალათბურთო მოედნების მწარმოებელი შვედური კომპანია Bergo. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ და საქართველოში ჩამოსულ Bergo-ს დამფუძნებელმა, ემილ ლინდენმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. სკანდინავიური კომპანია გახდა 3x3Geotour2023-ის ოფიციალური პარტნიორი და ფედერაციას მის ჩასატარებლად საჩუქრად გადასცა 3×3 კალათბურთის ულტრათანამედროვე მოედანი, რომლის ინსტალაცია და ტრანსპორტირება უწინდელზე ბევრად კომფორტულია. 

სწორედ Bergo-ს ახალ მოედანზე ჩატარდა 3x3Geotour2023-ის პირველი, თბილისური ტურნირი, რომელსაც შვედური კომპანიის დამფუძნებელი, ემილ ლინდენი და ექსპორტის მენეჯერი, ლეიფ ჯონსონი დაესწრნენ. წლებია, Bergo ქართულ კომპანია Sports Constraction-თან თანამშრომლობდა და სწორედ მისი ხელმძღვანელის, აჩიკო კეკელიას შუამავლობით მოხდა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და შვედურ კომპანიას შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. 

Bergo-ს მოედანი Geotour2023-ის ფარგლებში საქართველოს 3 ქალაქს – ბათუმს, თელავს და რუსთავს მოივლის, რის შემდეგაც დედაქალაქში დაბრუნდება და საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენ ფინალურ ტურნირს უმასპინძლებს.