გრძელდება 3x3Spring2022-ის სერიები. მორიგ, რიგით მესამე ტურნირს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო სერიები 5 ტურნირისგან შედგება და მისი საპრიზო ფონდი 4 000 ლარს შეადგენს, რომელიც გამარჯვებულ და ფინალისტ გუნდებზე გადანაწილდება.
14 აპრილს გამართული ტურნირი ძალიან ემოციური და სანახაობრივი გამოვიდა. ჯგუფურ ეტაპზეც საინტერესო ბრძოლები გაიმართა, თუმცა ნახევარფინალიდან მართლაც დასამახსოვრებელი ბრძოლები ვიხილეთ. ოვერტაიმში გადავიდა Triplets-ისა და “ძინამოს” დაპირისპირება. თავდაპირველად ძინამოელები იგებდნენ 11:5, შემდეგ Triplets-ი დაწინაურდა და შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე 20:18 იგებდა. ტაქტიკური ჯარიმებით ძინამოელებმა მოახერხეს ბურთის მოპოვება და საფინალო სირენის თანხლებით გიორგი სიმონიშვილმა გამთანაბრებელი პერიმეტრიდან ისროლა, თუმცა მასზე დაჯარიმდნენ და ორივე სიმონიშვილმაც ორივე ზუსტი ტყორცნით თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით დროში ის გუნდი იგებს, რომელიც 2 ქულას პირველი მიითვლის. ეს კი Triplets-ის მოთამაშემ, გიორგი მაჭარაძემ ერთი სროლით, ანუ პერიმეტრსმიღმიდან მოახერხა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. მეორე ნახევარფინალშიც დიდი ბრძოლა გაჩაღდა და მცირედი დაალდა აქაც ოვერტაიმს. საბოლოოდ მომავალმა ჩემპიონმა Dream Team-მა 20:18 აჯობა Biodrone-ს და ფინალში Triplets-ს შეუერთდა.
ფინალური დაპირისპირებაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ Dream Team-მა 13:11 იმარჯვა და ტურნირის გამარჯვებულისთვის დაწესებული 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღო. ბრძოლაში დამარცხებულ Triplets-ს კი 300 ერგო. ორივე გუნდს ფულადი ვაუჩერები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.