Geotour2024 ფინალური ტურნირით ლისის ტბაზე ACAB-ის გამარჯვებით დასრულდა

Geotour2024 ფინალური ტურნირით ლისის ტბაზე ACAB-ის გამარჯვებით დასრულდა

3×3 კალათბურთში საქართველოს 2024 წლის ჩემპიონი გუნდი ACAB გახდა, რომლის ღირსებასაც ვახტანგ გაფრინდაშვილი, გიორგი მეცხოვრიშვილი, ვალერიან წულეისკირი და ვატო გაჩეჩილაძე იცავდნენ. ამ კვარტეტმა ფინალურ მატჩში 21:15 დაამარცხა გუნდი The Boys საბა ოქრიაშვილის, საბა შარვაშიძის, ლუკა ცირეკიძისა და ნიკა ნინუას შემადგენლობით.

Geotour2024-ის ფინალური ტურნირი, რომელშიც საქართველოს 4 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, თელავი, რუსთავი) გამართული ტურებიდან შერჩეული 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა, ლისის ტბაზე გაიმართა. დედაქალაქიდან ფინალური ეტაპის საგზური 9 საუკეთესომ მიიღო, ხოლო ბათუმიდან, თელავსა და რუსთავისგან – თითო-თითომ. Geotour-ი, რომელიც 3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატს წარმოადგენს, ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წლიდან ტარდება.

ფინლური ეტაპის მონაწილე 12 გუნდი ტრადიციულად 4 ჯგუფში გადანაწილდა და ნახევარფინალის საგზურები თითოეულის გამარჯვებულმა მოიპოვა. ნახევარფინალში The Boys-მა 17:15 დაამარცხა “ბებერი არწივი”, ხოლო მომავალმა ჩემპიონმა ACAB-მა 20:14 მოუგო Nihau-ს.

ფინალური მატჩი თანაბრად და დაძაბულად მიმდინარეობდა, სანამ ბოლო წუთებზე ACAB-ის კალათბურთელებმა დამაჯერებელი და გასამარჯვებლად საკმარი უპირატესობა არ მოიპოვეს. გუნდს ვახტანგ გაფრინდაშვილმა ულიდერა, რომელიც დამსახურებულად გახდა ტურნირის MVP. ფინალში დამარცხებული და ჩემპიონი გუნდები 3×3 კალათბურთის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, დავით გასიტაშვილმა მედლებით დააჯილდოვა. ჩემპიონმა 4000 ლარიანი ვაუჩერი, ხოლო ფინალში დამარცხებულმა – 2000 მიიღო. ACAB-ის კაპიტან ვახტანგ გაფრინდაშვილს საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ გადასცა.

ამით 3×3 საკალათბურთო სეზონი დასრულდა, ხოლო ახალი სეზონი ოქტომბრიდან დაიწყება.