იუსტიციის სამინისტროს სისტემაში კალათბურთისა და ბოჩას ტურნირი ჩატარდა
იუსტიციის სამინისტრო ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით შიდა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას აგრძელებს. ტურნირი ამჯერად კალათბურთსა და ბოჩაში ჩატარდა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე ესწრებოდნენ.
კალათბურთის 3X3 ტურნირში 14 გუნდს შორის გამარჯვება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოიპოვეს, მეორე და მესამე ადგილები კი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს გუნდებმა დაიკავეს.
ბოჩას შეჯიბრებაში, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპორტსმენებმა გაიმარჯვეს, მეორე ადგილი კი, საჯარო რეესტრის გუნდს ერგო.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა, მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს.
სპორტული ასპარეზობის პარალელურად მიმდინარეობდა საჭადრაკო ტურნირი – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორმა, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა მერი არაბიძემ ერთდროული სეანსი ათ მაგიდაზე გამართა.
ღონისძიებებში, რომლებიც იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოეწყო, იუსტიციის სახლის სტუმრები და მოქალაქეები ჩაერთვნენ. მათი განსაკუთრებული დაინტერესება საჭადრაკო ტურნირმა გამოიწვია, რომელიც, მონაწილეობის მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
სპორტულ შეჯიბრებას იუსტიციის სამინისტროს მოტოციკლისტთა კლუბის “Just riders“-ის წევრებიც ესწრებოდნენ.