საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის არბიტრი, მიხეილ ვართანოვი 3×3 კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს მოემსახურება, რომელიც 3-4 აგვისტოს უნგრეთის ქალაქ შოლნოკში გაიმართება. ეს გახლავთ სამიდან ერთი შესარჩევი ტურნირი, რომლის მონაწილეებიც ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებენ. ფინალური ეტაპი კი, მოგეხსენებათ, 6-8 სექტემბერს თბილისში, რიყის პარკში გაიმართება და მასში ევროპის 12 ვაჟთა და 12 გოგონათა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
მიხეილ ვართანოვი გახლავთ საქართველოს ერთადერთი არბიტრი, რომელსაც 3×3 კალათბურთის ფიბა-ს ლიცენზია გააჩნია. ვართანოვმა აღნიშნული ლიცენზია 2 წლის წინ მიიღო და საერთაშორისო გამოცდილებაც ზურგს უმაგრებს. სავარაუდოდ, ის მალე სტანდარტული, 5×5 კალათბურთის ფიბა-ს მსაჯიც გახდება, რამეთუ ყველა საჭირო გამოცდა – თეორიული თუ პრაქტიკული, ჩაბარებული აქვს.
ვართანოვთან ერთად შოლნოკის შესარჩევ ტურნირზე კიდევ 5 არბიტრ იმსაჯებს: სლობოდან ნოვაკოვიჩი (შვეიცარია), ლავინია გეორგე (რუმინეთი), რეგინა პოლიშჩუკი (რუსეთი), ბრიჯიტა შაბაი (უნგრეთი) და ვიაჩესლავ სლუსარი (უკრაინა).