პირველად ოლიმპიადაზე: ქართველი 3X3 კალათბურთელები გუნდურ სახეობაში

პირველად ოლიმპიადაზე:  ქართველი 3X3 კალათბურთელები გუნდურ სახეობაში

6 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში სტარტს აიღებს მე-3 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელშიც სხვადასხვა დისციპლინებთან ერთად წარმოდგენილი იქნება საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები. კალათბურთის ეს განშტოება ოლიმპიურ ოჯახში გასულ წელს მიიღეს და სწორედ არგენტინაში იგი პირველად იქნება ცალკე დისციპლინად წარმოდგენილი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის აქტიურობის შედეგად 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდა და ბუენოს აირესში ჩვენს ქვეყანას ამ დისციპლინაში წარადგენს. ესაა პირველი შემთხვევა, როცა ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდი ოლიმპიადაზე სათამაშო სახეობაში ჩვენს ქვეყანას წარადგენს. ოლიმპიურ თამაშებზე უთამაშიათ საქართველოს ქვიშის ფრენბურთელ ქალთა და ვაჟთა ნაკრებებს, თუმცა მათი ყველა წევრი ნატურალიზებული ბრაზილიელები იყვნენ.

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები A ჯგუფში მოხვდა ჩინეთთან, სლოვენიასთან, იორდანიასთან და თურქემენეთთან. სულ ოლიმპიადის 3×3 საკალათბურთო ტურნირშ 20 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. აქვე წარმოგიდგენთ დანარჩენ ჯგუფებს:

B ჯგუფი: უკრაინა, ანდორა, ვენესუელა, ბრაზილია, ახალი ზელანდია. 
C ჯგუფი: ესტონეთი, აშშ, მონღოლეთი, რუსეთი, არგენტინა
D ჯგუფი: იტალია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელგია

თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში (მეოთხედფინალში) 2-2 საუკეთესო გუნდი გადის, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას, ცხადია, ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დაიცავენ: ოთარ პერტაია, ლაშა მიქელაძე, ლუკა მაზიაშვილი და ზურაბ ჟღენტი. საქართველოს ნაკრების დელეგაციაში ასევე იქნებიან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული და ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი – გიგა გურგენიძე.

ოლიმპიადა 6 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო საკალათბურთო ტურნირი სტარტს 7 რიცხვიდან აიღებს. ჩვენი ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

9 ოქტომბერი
სლოვენია – საქართველო
საქართველო – იორდანია

13 ოქტომბერი
თურქმენეთი – საქართველო
საქართველო – ჩინეთი

3×3 კალათბურთელთა ნაკრები საქართველოს ნაკრების დელეგაციასთან ერთად არგენტინაში 3 ოქტომბრის გამთენიისას გაემგზავრება. დღეს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი მოეწყო.

იხილეთ ვრცლად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ➡  http://geonoc.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=38&info_id=2272

ფოტოები: ხატია ჯიჯეიშვილი