წლის პირველი საგაზაფხულო ტურნირის 3x3spring2023-ის გამარჯვებული Ninetales გახდა

წლის პირველი საგაზაფხულო ტურნირის 3x3spring2023-ის გამარჯვებული Ninetales გახდა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით სტარტი აიღო საგაზაფხულო თამაშების სერიამ სახელწოდებით 3x3spring2023, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ხუთი ტურნირის ჩატარება. თამაშები 18+ ტურნირით დაუწყო, პირველ შეჯიბრებას ვერის ბაღმა უმასპინძლა, სადაც 12 გუნდი შეიკრიბა და საუკეთესო გამოავლინა.
 
ტურნირში მონაწილე გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდა და აპრობირებული ფორმატით თითოეულიდან პლეი ოფში თითო საუკეთესო გავიდა. ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: Almeida v Ambataldo, მუხბე v Ninetales. პირველ წყვილში ბრძოლა არ შედგა. Almeida-მ დიდი უპირატესობით – 21:10 მოუგო მეტოქეს და ფინალში გავიდა, რომელსაც სატიტულო მატჩში Ninetales შეუერთდა. ამ უკანასკნელმა დაძაბულ ბრძოლაში – 20:19 სძლია მუხბეს.
 
ფინალური მატჩიც ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ლევან ძინძიბაძე, საბა ებელაშვილი, ჯონ კერი (“ა” ლიგის ასტრალის ლეგიონერი) და ლაშა მამფორია – Almeida-ს გუნდის წარმომადგენლები ღირსეულად და ბოლომდე ებრძოლნენ მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ 18:21 წააგეს. გაიმარჯვა გუჯა ჯოჯუას, გიორგი ჩხეიძის, ბაჩი ალიბეგაშვილისა და ირაკლი გლუნჩაძის Ninetales-მა, რომელმაც საპრიზო 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღეს. ფინალში დამარცხებულ გუნდს 300 ლარი ერგო. გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა ფედერაციის 3X3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ.
 
3x3spring2023-ის ფარგლებში ტურნირები აპრილის თვეში გაგრძელდება.