Red Bull King of the Rock 2013 საქართველოს ფინალი

22 ივნისს რაბათის
ციხემ  Red Bull King of the Rock 2013 საქართველოს
ფინალს უმასპინძლა. 

ერთი-ერთზე კალათბურთში ყველაზე პოპულარულ ტურნირს ორგანიზება
„რედ ბულის“ საქართველოს ოფისმა სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის დახმარებით გაუწია.

რაბათის ციხეში
თავი 64-მა საუკეთესო კალათბურთელმა მოიყარა. შესარჩევი ტურნირი 15ივნისს თბილისში,
მზიურის პარკში გაიმართა, სადაც 220-მა კალათბურთელმა ფინალურ ეტაპზე წამსვლელი საგზურებისთის
ითამაშა. თბილისში არ უასპარეზიათ, მაგრამ ახალციხეში თამაშის უფლება მიიღეს სუპერლიგისა
და ზოგადად სტრიტბოლში აღიარებულმა მოთამაშეებმა – მიხეილ ფაჩულიძემ, რევაზ ათანელიშვილმა,
დავით ბარბაქაძემ, ირაკლი ჩლაიძემ, მიხეილ ჭოჭუამ, გიორგი ყიფიანმა, ვახტანგ ქადარიამ
და ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ვატო თევზაძემ.

ტურნირი ძალიან
საინტერესო და დაძაბული გამოდგა. საუკეთესო ოთხეულში თამაშის უფლება მოიპოვეს აკაკი
ლომოურმა, მიხეილ ფანჩულიძემ, ვახტანგ ქადარიამ და დავით ბარბაქაძემ. ნახევარფინალში
ფაჩულიძემ ბოლო წამებზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა ლომოური, ხოლო ქადარიამ ბარბაქაძეს
აჯობა.

ფინალურ მატჩში
საინტერესო ბრძოლა გაიმართა. ძალისმიერი სტილის მქონე „სოხუმის“ ცენტრმა ვახტანგ ქადარიამ
მატჩის ბოლოს საკუთარი უპირატესობა აშკარა გახადა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ფინალის მონაწილეებმა ტურნირის ერთ-ერთი სპონსორისგან, სავაჭრო სახლ „გოლეთიანისგან”
“NOKIA LUMIA”-ს ახალი მოდელები მიიღეს. მთავარი საჩუქარი კი გამარჯვებულმა, ვახტანგ
ქადარიამ დაიმსახურა – ის 29 სექტემბერს ამერიკაში, ალკატრასის ცნობილი ციხის ტერიტორიაზე
გასამართ „Red Bull King of the Rock“-ის მსოფლიო ფინალურ ტურნირში მსოფლიოს 26 ქვეყნის
გამარჯვებულებთან ერთად იბრძოლებს. აღნიშნული ტურნირი „ბოსტონ სელტიქსის“ სუპერვარსკვლავის,
რაჯან რონდოს ინიციატივით და მისი პროტეჟეობით იმართება.