3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურები დასრულდა. Geotour 2019-ის ბოლო შესარჩევ ტურნირს რუსთავმა უმასპინძლა, რომლის გამარჯვებულმაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 12 გუნდამდე შეავსო. აქამდე შესარჩევი ტურები გაიმართა თბილისში (15 ივნისი), თელავში (24 ივნისი), ბათუმსა (6 ივლისი) და ქუთაისში (7 ივლისი), რომელთგანაც ფინალური ეტაპისთვის 11 გუნდი შეირჩა: Swish, Buckets, Vakis Parki, Lolebi, Vera, Rampage, Old Eagle, Scooby (ყველა თბილისი), Performers (თელავი), MTM (ბათუმი), Daily (ქუთაისი). ამ გუნდებს დაემატა რუსთავული ტურის გამარჯვებული Chochu.
რუსთავულ ტურნირზე თავი სულ 7-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდნენ. ნახევარფინალის საგზური ჯგუფების 2-2-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა. ნახევარფინალში Chochu-მ Scooby-ს 21:13 მოუგო, ხოლო Dushana-მ Bugs Bunny 22:14 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. Chochu-მ 21:11 სძლია Dushana-ს და რუსთავული ტურნირის გამარჯვებასთან ერთად ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. გუნდის ღირსებას იცავდნენ: მიხეილ ჭოჭუა, ლევან გოგალაძე, გუგა პატაშური და კოტე ბიწაძე.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გუგა პატაშური დასახელდა. MVP და ტურნირის პრიზიორი გუნდები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 20 ივლისს, “თბილისი” მოლში გაიმართება. თამაშები 12 საათისთვის დაიწყება, ფინალური მატჩი კი 17:15 საათიდანაა დაგეგმილი.