დასანანი მარცხი მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ მატჩში, მასპინძლებთან. საქართველოს 18 წლამდე 3X3 კალათურთელთა ნაკრებმა ულან ბატორში, მსოლფიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩი მონღოლეთთან გამართა და რომ იტყვიან, მოგებული შეხვედრა წააგო. მიუხედავად მსაჯების არასაჩვენო შეცდომებისა, საქართველოს ნაკრები მაინც ახლოს იყო გამარჯვებასთან. ქართველები თამაშის განმავლობაში 3 ქულით იგებდნენ, ბოლოსწინა წუთზე კი 2 ქულით – 16:14 ლიდერობდნენ.
ორქულიანი ლიდერობისას, ჩვენი გუნდის წევრებმა არაერთი შეტევა გააცუდეს როგორც ახლოდან, ისე შორიდან, თუმცა მონღოლთა გამტეხი ბურთი ვერა და ვერ ჩააგდეს. ამით ისარგებლეს მასპინძლებმა და ჯერ ზუსტი ფარქვეშა სროლით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 37 წამით ადრე შორი სროლით (ორქულიანით) ლიდერობა მოიპოვეს – 17:16. ამ სროლამდე, როცა 16:15 იგებდა, საქართველოს ნაკრებს ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, თუმცა ფარქვეშ შესულმა ლაშა მიქელაძემ ბურთი ააცილა და მის მოსახსნელად მეტოქეზე დაჯარიმდა. შემდეგ შეტევაში მონღოლებმა ორქულიანი ჩააგდეს და დარჩენილ დროში ლიდერობა 2 ქულამდე გაზარდეს – 18:16.
საქართველოს ნაკრებს 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, ხოლო ჯგუფს 3-დან 3 მოგებით მონღოლეთისა და აშშ-ს ნაკრებები ლიდერობენ. შესაბამისად, დარჩენილ 1 ტურს აზრი დაეკარგა. მონღოლეთი და აშშ პლეი ოფში გავიდნენ და ერთმანეთს ჯგუფის ბოლო ტურში ეთამაშებიან, ხოლო საქართველო თბილისის დროით 16:15 საათზე ლატვიას დაუპირისპირდება: