საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ევროპის თასის საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვერ გავიდა. შესაბამისად, დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე გასასვლელი შანსი დაკარგა. ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში 3 ივნისს გამართული ჯგუფური ეტაპის მატჩები ქართველებმა შვეიცარიასთან და სლოვაკეთთან დათმეს და მეოთხედფინალში ვერ გავიდნენ.
ტურნირში მთლიანობაში 11 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან ევროპის ჩემპიონატის საგზური ფინალისტებს ერგებათ. საქართველოს ნაკრებმა 3-გუნდიან ჯგუფში შვეიცარიასთან 14:22 წააგო, რის შემდეგაც ჯგუფიდან გასვლის შანსი შერჩა, რისთვისაც სლოვაკეთის დამარცხება მართებდა. გასიტაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც მგზავრობითა და გაჭიანურებული სასაზღვრო კონტროლით იყო გადაღლილი, ბოლომდე იბრძოლა და სლოვაკეთთან ბრძოლა დამატებით დროში – 17:19 დათმო. შეხვედრის ძირითადი დრო 17:17 დასრულდა, რის შემდეგაც სლოვაკებმა ორქულიანი ჩააგდეს და გამარჯვება გაიფორმეს.
ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავდნენ – გიორგი კორსანტია, ნიკოლოზ დარბაიძე, ილია ლონდარიძე და ლუკა მაზიაშვილი, რომელთათვისაც სლოვაკეთთან დასანანი მარცხის შემდეგ ტურნირი დასრულდა. ჯგუფებიდან გასული ნაკრებები ევროპის თასის საგზურისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან, 7 ივნისს დაიწყებენ.