საქართველოს 3×3 კალათბურთის ჩემპიონატის შესარჩევ ტურს ლაგოდეხმა უმასპინძლა

საქართველოს 3×3 კალათბურთის ჩემპიონატის შესარჩევ ტურს ლაგოდეხმა უმასპინძლა

საქართველოს 3×3 კალათბურთის ჩემპიონატში მორიგი შესარჩევი ტური გაიმართა. წინასწარდაგეგმილი თელავის ნაცვლად, ტურნირს ლაგოდეხმა უმასპინძლა, რომელშიც კახეთის რეგიონის 4-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: “აღმოსავლეთი”, FMG, Squad და “ლაგოდეხი”.

საქართველოს 3×3 საკალათბურთო ჩემპიონატს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სპორტისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს. გათამაშების ფორმატის თანახმად, 5 შესარჩვი ტურიდან – თბილისი, ლაგოდეხი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი – 12 საუკეთესო გუნდი უნდა შეირჩეს, რომლებიც 21 ივლისს, თბილისი მოლში საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ.

ლაგოდეხის შესარჩევ ტურნირში 4 გუნდი ერთ ჯგუფში განთავსდა და ერთმანეთში 1 წრე ითამაშა, რის შემდეგაც ოთხივე ნახევარფინალში დაწყვილდა. FMG-იმ “ლაგოდეხს” 17:14 მოუგო, ხოლო Squad-მა დაძაბულ ბრძოლაში – 11:10 “აღმოსავლეთი” დაამარცხა.

ფინალურ მატჩში FMG-მ (ლუკა გიორგაძე, დათო მაჭარაძე, შოთა მახარაშვილი, გიორგი ბადრიძე) 16:14 დაამარცხა Squad-ი და ლაგოდეხის ტურნირის ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მიიღო.

ფინალისტები მედლებითა და სიგელებით, ხოლო გამარჯვებული გუნდი საჩემპიონო თასით კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო იაგორაშვილმა დააჯილდოვა. ტურნირის საუკეთსო მოთამაშის პრიზი FMG-ს წევრ ლუკა გიორგაძეს საქართველოს 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გურგენიძემ გადასცა.