3X3-ზე კალათბურთში საერთაშორისო ტურნირ Tbilisi Open 2013-ში მონაწილეთა რეგისტრაცია ხვალ, დღის ბოლომდე გაგრძელდება.
6-7 ივლისს გასამართი მასშტაბური ტურნირის ორგანიზატორებმა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მონაწილეებისთვის სემინარი გამართეს, სადაც კალათბურთელებს ის სპეციფიკური წესები გააცნეს, რაც 3X3-ზე კალათბურთს ტრადიციული ქუჩის კალათბურთისგან განასხვავებს.
სემინარის იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ წესებს უკავშირდებოდა, Tbilisi Open 2013-ის ერთ-ერთმა მსაჯმა, ლიკა ქაჯაია გაუძღვა, მანამდე კი სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ აღნიშნული ტურნირის მნიშვნელობაზე, მის ორგანიზაციულ მხარესა და კალათბურთელთათვის ქცევის დაუწერელ წესებზე ისაუბრა.
სემინარს ტურნირის 70-ამდე დარეგისტრირებული მონაწილეთა დაესწრო, ხოლო მათთვის, ვინც სემინარზე არ იყო, წესების ონლაინ-გაცნობა შეეძლებათ Tbilisi Open 2013-ის ვებ-გვერდზე: http://superleague.ge/3×3/. მონაწილე გუნდების რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა და ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ტურნირის დაწყებამდე, 4-5 ივლისს, გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპი დახურულ დარბაზში. რაც შეეხება უშუალოდ Tbilisi Open 2013-ის ძირითად ეტაპს, ის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, 6 და 7 ივლისს გაიმართება.
კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ტურნირის მთავარი ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელიც გამარჯვებული გუნდისთვის ევროპის 2013 წლის ჩემპიონატზე გასამგზავრებელ 4-კაციან საგზურს აწესებს.