დასრულდა “ზამთრის თასის” გათამაშება 3×3 კალათურთში 18-წლამდელთა შორის. ტურნირმა 5 ტური მოიცვა, რომლებიც იანვარსა და თებერვალში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. დღეს ოლიმპიურმა სასახლემ ტურნირის დასკვნით, მე-5 ტურს უმასპინძლა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.
“ზამთრის თასი”, მედლები და 1000-ლარიანი ჯილდო გამარჯვებულმა “ქორებმა” ჩაიბარა, რომლის ღირსებასაც გიორგი კვაჭანტირაძე, საბა გეგუჩაძე, გივიკო გოგიტაშვილი და ოთარ პერტაია იცავდნენ. ეს უკანასკნელი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, თუმცა აქამდე გამართული “ზამთრის თაისის” ტურების გამარჯვებული და MVP არაერთხელ გამხდარა.
ფინალში “ქორებმა” “ვაკის პარკი” (ნიკა ელიზბარაშვილი, გუჯა ჯოჯუა, ლევან ბოკერია, საბა სოხანეიშვილი) დაძაბულ ბრძოლაში – 17:15 დაამარცხეს. მანამდე ამ გუნდებმა წარმატებით დაძლიეს ჯგუფური ეტაპი და ნახევარფინალი. “ქორებმა” ფინალში დიდი ბრძოლის შედეგად გააღწიეს. მომავალ ჩემპიონს LRG-იმ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ “ქორებმა” 15:14 იმარჯვეს. “ვაკის პარკმა” კი ნახევარფინალში Space Jam-ი 21:8 გაანადგურა.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდი მედლებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. ფინალური ტურნირის MVP გახდა ჩემპიონი გუნდის ლიდერი გიორგი კვაჭანტირაძე, ხოლო “ქორების” კაპიტან გივი გოგიტაშვილს საჩემპიონო თასთან ერთად გუნდისთვის განკუთვნილი 1000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. დამარცხებულ “ვაკის პარკს” კი 500 ლარი ერგო.
3×3 საკალათბურთო ტურნირები მარტის თვიდან გაგრძელდება.