“ა” ლიგის ლიდერებად დაუმარცხებელი გუნდები – “კავკასია” და “მეგა ბასკეტი” დარჩნენ

“ა” ლიგის ლიდერებად დაუმარცხებელი გუნდები – “კავკასია” და “მეგა ბასკეტი” დარჩნენ

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ა” ლიგის გათამაშების მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. საქმეში ვიხილეთ ლიდერებიც და აუტსაიდერებიც. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს დაუმარცხებელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი და “ორბი-არენა” დაუპირისპირდნენ. 

ბოიან სალატიჩის გაწვრთნილმა “კავკასიამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა. კავკასიელებს მხოლოდ 2 უცხოელი მოთამაშე ჰყავთ, თუმცა რამენიმე სუპერლიგის ქართველი კალათბურთელი შეიმატეს და “ა” ლიგის ფავორიტებიც არიან. “ორბი-არენამ” კავკასიელებს წინააღმდეგობა კი გაუწია, თუმცა მოგების რეალური შანსი არ მისცემია. სალატიჩის გუნდმა ყველა პერიოდი მოიგო და საბოლოოდ ანგარიშით – 70:50 იმარჯვა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში 14 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა წივწივაძე. 13 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა ვენდელ ლიუისმა, ხოლო ანდრე უოლკერმა შეხვედრა 11 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა. 21 ქულითა და 13 მოხსნით “ორბი-არენაში” საუკეთესო იყო არმანი ფლანიგანი.

ორბი-არენა – კსუ
სტატისტიკა: 50:70

მეორე მატჩში ერთმანეთს აუტსაიდერები – მიმდინარე გათამაშებაში მოგების არმქონე გუნდები, “თბილისი” და “აფხაზეთი” შეხვდნენ. “აფხაზეთი” მთელი თამაში იგებდა, “თბილისი” კი მეტოქეს არ რჩებოდა და მოგების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. “აფხაზეთს” აკლდა ახალი ლეგიონერი, თუმცა მეორე ამერიკელმა – კენეტ რაიმსმა ძალიან შეეგიანად ითამაშა და საკვანძო მომენტში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, სამქულიანებით “აფხაზეთს” გამარჯვება გაუნაღდა – 82:72.

კენეტ რაიმსი 24 ქულით ბომბარდირი გახდა. 18 ქულა და 10 მოხსნა ოთო ბულიავამ მიითვალა, უჩა გამრეკლიძის ანგარიშზე კი 8 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა. “თბილისში” 25 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ლევან რევაზაშვილი, გიორგი დვალმა კი პირად ანგარიშზე 18 ქულა ჩაიწერა.

აფხაზეთი – თბილისი
სტატისტიკა: 82:72

მე-4 ტურის ბოლო მატჩში “ვერა” და “მეგა ბასკეტი” შეხვდნენ. მატჩი ძალიან საინტერესო, უხვქულიანი და დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ყველაფერი ერთმა შეტევამ გადაწყვიტა, მანამდე კი მიდიოდა ამერიკელი ლეგიონერების დუელი, რომელშიც თამამად ერეოდნენ ქართველი მოთამაშეებიც.

ერთის მრივ ბრაისონ სკოტი, რომელმაც “ვერას” 36 ქულა შესძინა, ხოლო მეორეს მხრივ – კორი სანდერსი, რომლის 27 ქულაც “მეგა ბასკეტისთვის” ჰაერივით საჭირო აღმოჩნდა. თუმცა ორივე მხარეს აქტიურობდნენ ქართველებიც. “მეგა ბასკეტის” ბათუმელმა უკანახაზელმა – ნიკა რამიშვილმა 6-დან 5 სამქულიანი, ჯამში კი 17 ქულა ჩააგდო. “ვერაში” კი სკოტს გამორჩეულად გივი ბაქრაძე და 18 წლის ახალგაზრდა, გიორგი კვაჭანტირაძე ეხმარებოდნენ. პირველმა 12 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორემ – 14. სწორედ კვაჭანტირაძეს მიუვიდა ბურთი ვერელთა ბოლო შეტევაში, როცა მისი გუნდი 88:90 აგებდა და თამაშის დასრულებამდე 20 წამი რჩებოდა. 

პრესინგის ხარჯზე “მეგა ბასკეტმა” ვერელ ახალგაზრდას შეტევა არ დაანება, დაცვაში ბურთი მოიპოვა და დეონტა ნორტმა ზუსტი საჯარიმოებით მატჩის ბედი გადაწყვიტა – 92:88 და “მეგა ბასკეტი” 4-დან 4 გამარჯვებით “კავკასიასთან” ერთად “ა” ლიგის ლიდერად დარჩა. “ვერა” კი 2-2 მოგებ-წაგებით მე-3 ადგილზეა. 

შემდეგი ტურის მატჩები 25 თებერვალს გაიმართება.

მეგა ბასკეტ – ვერა 
სტატისტიკა: 92:88