ახალი სეზონი ახალ სპორტის სასახლეში დადიანის მემორიალით დაიწყო

ახალი სეზონი ახალ სპორტის სასახლეში დადიანის მემორიალით დაიწყო

გალერეადუდუ დადიანის მემორიალი დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაიწყო. სპორტული კომპლექსს, რომელიც თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური
ფესტივალისთვის აშენდა, გულგრილი არავინ დაუტოვებია. ყველა, ვინც დღეს ახალ სპორტის სასახლეში პირველად შეაბიჯა, მოხიბლული იყო გამართული ინფრასტრუქტურით და იმ კომფორტით, რითი სარგებლობაც როგორც მოთამაშეებს, ისე მომსახურე პერსონალს და რაც მთავარია, გულშემატკივარს შეუძლიათ.

ახალი სპორტის სასახლის სახით არათუ დედაქალაქს, არამედ მთლიანად საქართველოს მძლავრი საკალათბურთო კერა შეემატა, სადაც მთელი სეზონის მანძილზე
ჩატარდება სხვადასხვა ჩემპიონატების მატჩები. საამისოდ ახალ სპორტის სასახლეში სათამაშო დარბაზებიც საკმარისია (კომპლექსში 2 დარბაზია), ტრიბუნებიც, გასახდელებიც, საპრესკონფერენციო ოთახებიც და საკვები პუნქტიც.

მემორიალური ტურნირის პირველ დღეს 3 მატჩი გაიმართა და პირველივე შეხვედრაში მოულოდნელი ანგარიში დაფიქსირდა. პირველი ლიგის გუნდმა აკადემიამ,
რომელიც არენა 76-თან გაერთიანდა, უმაღლესლიგელი და საკმარისად გაძლიერებული ოლიმპი დაამარცხა. აკადემიაში ძირითადად ასაკობრივი ჩემპიონატის წევრები – 18-19 წლის ბიჭები
თამაშობენ, ხოლო ოლიმპს საკმაოდ ძლიერ ქართველ კალათბურთელებთან ერთად 4 ლეგიონერიც ჰყავს.

ოლიმპი დაისაჯა, რადგან მატჩის შუაწელში 17 ქულით იგებდა და ჩათვალა, რომ საქმე მოთავებული იყო. აკადემიელები კი პირიქით, მატჩის ბოლომდე შეუპოვრად
იბრძოდნენ და ბოლო წუთებზე თამაშიც დაძაბეს. გადამწყვეტი ბურთები ბექა დარახველიძემ (3-ქულიანი) და ნიკა დარბაიძემ ჩააგდეს და აკადემიამ 72:71 დაამარცხა ოლიმპი. გამარჯვებულებს 17 ქულითა და 12 მოხსნით დარბაიძემ ულიდერა, ხოლო კოკა ტომარაძემ 15 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა.

მეორე მატჩში „დინამომ“ „სოხუმი“ იოლად დაამარცხა. ორივე გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია. დინამოს 2 ამერიკელი ჰყავს ჩამოყვანილი, რომელსაც აკვირდება
და თუკი მწვრთნელების მოწონებას დაიმსახურებენ, კონტრაქტებსაც გაუფორმებს. ორივე მათგანმა თავი კარგად წარმოაჩინა. განსაკუთრებით გამოსარჩევია დანიელ უილიამსის გარჯა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა. ბომბარდირი კი „ოლიმპიდან“ დინამოში გადასული ნოდარ გოგოძე გახდა.

დინამოელებმა საბოლოოდ 91:60 მოიგეს, „სოხუმი“ კი ხვალ უკეთესი გუნდი იქნება, რადგან ირაკლი ალხანაიძე და ერთი ლეგიონერი ემატება. დღის ბოლო
მატჩში ერთმანეთს „მგზავრები“ და ყაზახური „ბარსი“ შეხვდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა მისი მხოლოდ პირველი ტაიმი. „მგზავრები“ 2 უკრაინელი
ლეგიონერით გაძლიერდა, დაიმატა გამოცდილი ლაშა ფარღალავა და რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა. ყაზახურ გუნდს კი 3 ამერიკელი ჩამოჰყვა და სტუმრებიც ძირითადად ლეგიონერთა ხარჯზე გავიდნენ ფონს.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართული გუნდი უფრო ხშირად ლიყო ლიდერის ამპლუაში და დიდ შესვენებაზეც 37:36
იგებდა. მესამე პერიოდიდან სიტუაცია შეიცვალა. აზიელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ იმდენი მოახერხეს, რომ 19 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს – 82:63.

ხვალ, 3 ოქტომბერს ახალ სპორტის სასახლეში დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. შეხვედრები 15 საათიდან დაიწყება.

ოლიმპი – აკადემია  71:72

დინამო-სოხუმი 91:60

მგზავრები – ბარსი  63:82