დადიანის მემორიალი ოლიმპისა და რუსთავის გამარჯვებებით გაიხსნა

დადიანის მემორიალი ოლიმპისა და რუსთავის გამარჯვებებით გაიხსნა

დუდუ დადიანის მემორიალი დღეს სპორტის ახალ სასახლეში 2 მატჩით გაიხსნა. სეზონის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ „ოლიმპი“ და „მგზავრები“ წარსდგნენ. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა მეტოქე საკმაოდ იოლად – 78:57 დაამარცხეს და თუკი ხვალ „დინამოს“ მოუგებენ, ფინალში გავლენ.
დუდუ დადიანის მემორიალი ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფი გუნდებისთვის შესანიშნავი საშუალებაა როგორც საკუთარი, ისე მეტოქეების შესაფასებლად. გუნდები ახალი დაკომპლექტებულნი არიან, მწვრთნელებს ახალწვეულთა საქმეში ნახვა სურთ, ასევე ვარჯიშებზე დამუშავებული სათამაშო კომპონენტების დახვეწაზე მიდის მუშაობა. ამიტომ, ფავორიტად რომელიმეს მიჩნევა საძნელო საქმეა.
შემადგენლობით ორივე გუნდი ტოლძალოვნად ჩანდა, თუმცა ლეგიონერები, რომლებსაც არ ვიცნობდით, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩდნენ. მგზავრებში სამი უცხოელი ვიხილეთ – დეივ ფოსტერი, ქარიმ კალები და ალექს უილიამსონი. „ოლიმპში“ ტრეი ბურნეთმა და ვოლტერ პიჩფორდმა იასპარეზეს.
გამარჯვებულებს ბურნეთმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ბათუმიდან „ოლიმპში“ გადასულმა ირაკლი მიქელაძემ საკმაოდ მახვილგონივრულად ითამაშა და 14 ქულასთან ერთად 5 პასი მიითვალა. ოლიმპელთა აქამდელმა გამთამაშებელმა, ამჯერად მსროლელის პოზიციაზე გადასულმა რევაზ როგავამ გამარჯვებულებს 13 ქულა მიაშველა. მგზავრებში 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ფოსტერმა დაძლია, რომელმაც 22 ქულას უწია.
„ოლიმპმა“ ოთხივე მეოთხედი მცირე სხვაობით მოიგო, რამაც საბოლოოდ 21 ქულა შეადგინა. დღის მეორე მატჩში ერთმანეთს „სოხუმი“ და „რუსთავი“ შეხვდნენ. ორთაბრძოლა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. სოხუმელებმა პირველივე წუთზე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მატჩის ბოლოსწინა წუთამდე იგებდნენ. სწორედ მატჩის მიწურულს გაათანაბრა „რუსთავმა“ ანგარიში 100:100-ზე, რომელიც მატჩის მსვლელობისას სოხუმელებს 15-17 ქულითაც ჩამორჩებოდა.

ოლიმპი – მგზავრები  78:57

დიდ შესვენებაზე „სოხუმი“ 16 ქულით ლიდერობდა, თუმცა მესამე პერიოდის შემდეგ მხოლოდ 8-ქულიანი ჰანდიკაპი შერჩა. ბოლო მეოთხედში თითქოს არაფერი ჩანდა საგანგაშო, სოხუმელების ლიდერობამ ისევ 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა, მაგრამ რუსთაველები არ დანებდნენ. ლეგიონერთა შედეგიანი თამაშით, რასაც ახალგაზრდა გიგი გოგობერიშვილის სიზუსტეც ერთვოდა, რუსთაველებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება, ხოლო ბოლო წუთზე დაწინაურებაც მოახერხეს. ბოლო 2 ბურთი მართლაც შთამბეჭდავი ბამოუვიდათ ქვემოქართლელებს. ჯერ ტომი სპანოლომ ჩატენა თანაგუნდელის აცილებული, ხოლო მატჩის ბოლო ბურთი, შეხვედრის დასრულებამდე 2,9 წამით ადრე ამირ უილიამსმა ჩატენა – 104:102 რუსთაველთა ლამაზი გამარჯვება.
„სოხუმს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ნუგზარ ჭეიშვილი, რომელიც მისთვის ჩვეულ – სწრაფ სტილში ათამაშებდა ახალგაზრდა სოხუმელებს. სისწრაფეში რუსთაველებიც არ ჩამორჩნენ და საბოლოოდ ასეთი შედეგიანი მატჩი გამოვიდა. რუსთაველთა ბომბარდირი 26 ქულით, 12 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით ტომი სპანოლო გახდა. 19 ქულა მიითვალა გიგი გოგობერიშვილმა, ხოლო 17 ქულა კასპერბაუერის ანგარიშზეა. სოხუმელთაგან 24 ქულით ოთო ბულიავა გამოირჩა, 21 დააგროვა მერაბ ბოქოლიშვილმა, ხოლო ვეიდ ლათანმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.
სოხუმი – რუსთავი  102:104

ხვალ „რუსთავი“ დაისვენებს, ხოლო „სოხუმი“ შარშანდელი მემორიალის ფინალისტსა და სუპერლიგის ჩემპიონ „ქუთაისს“ 18:00 საათზე დაუპირისპირდება. 16:00 საათზე შედგება „დინამოსა“ და „ოლიმპის“ დაპირისპირება.