დუდუ დადიანის მემორიალზე დღეს მორიგი, მე-4 ტურის 4 მატჩი გაიმართა. ფინალში ნაადრევად გასულმა “დელტამ” ჯგუფის ბოლო მატჩი “ბათუმთან” 58:71 წააგო და ახლა 2 დღე დაისვენებს, ორშაბათს კი სატიტულო მატჩში დუდუ დადიანის თასის მოგებას ეცდება.
ჯერ უცნობია, ვინ შეხვდება “დელტას”, რადგან მეორე ჯგუფში ერთბაშად 3 გუნდს აქვს პირველი ადგილის დაკავების შანსი. მართალია, “ქუთაისმა” დღეს “ოლიმპს” 75:70 მოუგო და 3 მატჩიდან ყველა მოგება აქვს, თუმცა ხვალ “შსს აკადემია-ტიტებს” ხვდება და წაგების შემთხვევაში ორივე გუნდს ქულების თანაბარი ოდენობა მოუგროვდება.
თუმცა “ქუთაისის” და “ტიტების” ჯგუფიდან გასასვლელ ბრძოლაში ჩარევა “მგზავრებსაც” შეუძლია, რომელმაც დღეს ოვერტიმში – 101:96 დაამარცხა “კაკტუსი” და თუკი ბოლო ტურში “ოლიმპსაც” მოუგებს, “ქუთაისსა” და “შსს აკადემია-ტიტების” დარად 7 ქულას დააგროვებს. ამ შემთხვევაში კი ყველაფერს ამ სამ გუნდს შორის გამართული ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტს. ამ მხრივ კი ჯერ-ჯერობით უპირატესობა “ქუთაისს” აქვს, რომელმაც “მგზავრები” 7 ქულით დაამარცხა. “ტიტების” და “მგზავრების” შეხვედრა კი ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 91:80 დასრულდა.
ერთი სიტყვით, მეორე ფინალისტის ვინაობას ბოლო ტურის მატჩები გაარკვევს.
19 ოქტომბრის მატჩების შედეგები და სტატისტიკა სრულად ნახეთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში: http://gbf.ge/tournament/dudu-dadiani-memorial/schedule#mbt:275-303$t&0=1