სტატისტიკა
გალერეადუდუ დადიანის მე-15 გათამაშების გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა სატიტულო მატჩში შარშანდელი
ფინალისტი „ქუთაისი“ 75:63 დაამარცხეს და დადიანის თასი მეორედ მოიგეს.
„დინამო“ გახლავთ ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის პირველი მემორიალური ტურნირის გამარჯვებული, რომელიც
14 წლის წინ, 2002 წელს გათამაშდა. მას შემდეგ დინამოელები სამჯერ იყვნენ ფინალში, მაგრამ ორჯერ „სტუ- ჯეოსელთან“ წააგეს, ერთხელაც – „რუსთავთან“. 2016 წლის გათამაშება
მათთვის იღბლიანი გამოდგა – „დინამომ“ დამაჯერებლად წარმართა ფინალური შეხვედრა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელებისთვის შანსი არ მიუცია.
საწყისი მეოთხედის 21:16 მოგების შემდეგ, მეორე პერიოდში დინამოელებმა.ლიდერობა განიმტკიცეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი დაცვისა და სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე პორველი ტაიმის დასრულებამდე 4:37 წუთით ადრე 10 ქულით – 34:24 დაწინაურდა. სროლა წაუვიდა „დინამოს“ რუსთაველ ფორვარდ მიხეილ ჭოჭუას, რომელმაც პირველ ტაიმში 11 ქულა მიითვალა და ილია ლონდარიძესთან ერთად თავისი გუნდის დაწინაურებას ხელი შეუწყო.
დიდ შესვენებაზე „დინამო“ 10 ქულით იგებდა, თუმცა მოედანზე დაბრუნებული ქუთაისელები მეტი მობილიზებითა და შედეგიანობით გამოირჩნენ. ანატოლი ბოისამ, გიორგი
ცინცაძემ, ვახტანგ ქადარიამ და დეიან ბიელიჩმა ზუსტი სროლებით იმდენი შეძლეს, რომ მესამე პერიოდის მე-6 წუთისთვის „ქუთაისმა“ ლიდერობა მოიპოვა – 50:49.
აქ თამაში საკუთარ თავზე აიღო დინამოელთა ამერიკელმა გამთამაშებელმა დეონტა ვონმა, რომელმაც მესამე ათწუთეულის დასრულებამდე 2 სამქულიანი ჩააგდო და თავისიანებს
ლიდერობა დაუბრუნა – 57:54. გადამწყვეტ პერიოდში ვონმა შედეგიანობა განაგრძო, მას ლონდარიძე და ბერიშვილიც აჰყვნენ, რაც შედეგში უმალ აისახა და დინამოელთა ლიდერობამ კვლავ 10 ქულას უწია.
შეხვედრის დარჩენილმა წუთებმა ისე ჩაიარა, ქუთაისელთა სურვილი, რამე შეეცვალათ, სურვილადვე დარჩა. დეონტა ვონმა კიდევ რამდენიმე ბურთი ჩააგდო, ზუკა მაჩალაძემ დაცვაში იყოჩაღა და ასე გუნდური თამაშით „დინამო“ გამარჯვებამდე მშვიდად მივიდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დინამოელი დეონტა ვონი დასახელდა, რომელმაც გამარჯვებულებს 19 ქულა და 8 პასი შესძინა. 17 ქულა მიითვალა ილია ლონდარიძემ, მიხეილ
ჭოჭუამ კი საბოლოოდ 15 ქულას უწია. ქუთაისელთაგან 13 ქულით ბომბარდირი გიორგი ცინცაძე გახდა, გოგა ცეკვავამ კი პირად ანგარიშზე 12 ქულა ჩაიწერა.
მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დეონტა ვონი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – ნიტა და სანდრო დადიანებმა დააჯილდოვეს. მათვე გადასცეს დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს დუდუ დადიანის სახელობის თასი. მატჩისშემდგომი კომენტარები:
ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი: სასიხარულოა, რომ დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულები გავხდით. დუდუ ყველასთვის საყვარელი, პატივსაცემი
პიროვნება იყო და მისი სახელობის ტურნირის მოგება დიდი პატივია. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ჯერ ახალი შეკრებილები ვართ, სეზონი ახლა დაიწყო და
მთავარი წინ გველოდება.
დეონტა ვონი, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: „დიდი იმედები გვაქვს ახალ სეზონთან დაკავშირებით. ჩვენ რამოდენიმე კარგი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომლებმაც
ძალიან კარგად ეთამაშნენ ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც ქუთაისია. სულ რამოდენიმე დღეა, რაც ერთად თამაში დავიწყეთ და ძალიან დიდი გამოცდილებაა წინა სეზონის ჩემპიონ გუნდთან მოგება და სეზონის ასეთი ლამაზი მოგებით დაწყება.“კოტე ტუღუში, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში მივულოცავ დინამოს დამსახურებულ
და ღირსეულ გამარჯვებას! ჩვენ ვფიქრობ რომ მობილიზაცია გვაკლდა, ახალი გუნდი ვართ, ახალი ძლიერი მოთამაშეები გვყავს – გამთამაშებელი და მაღალი, რომელთაც რა თქმა უნდა დრო ჭირდებათ, რომ გუნდთან საერთო ენა გამონახონ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, 22 დაკარგვა გვქონდა და დინამო ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელიც მსგავს შეცდომებს გაპატიებს. ყველაფერი წინ არის, სეზონი მხოლოდ აწი იწყება. შაბათს სუპერთასის თამაში გველოდება დინამოსთან და ვეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ. შარშანაც მსგავსად დავიწყეთ, წავაგეთ მემორიალის ფინალში, სეზონი კი გამარჯვებით დავასრულეთ. თუმცა თავისთავად არაფერი მოდის – ვეცდებით ღირსეულად წარმოვაჩინოთ თავი. ყველაფერი წინაა.
ქუთაისი – დინამო 63:75