5 ოქტომბერს საქართველოში საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ხსოვნის ტურნირი 2002 წლიდან იმართება და წლეულს ის მე-18 გათამაშდება. ტურნირში სუპერლიგის 9 გუნდი იასპარეზებს, რომლებიც 3 ჯგუფში გადანაწილდნენ:
“ა” ჯგუფი – ქუთაისი, ოლიმპი, თსუ
“ბ” ჯგუფი – რუსთავი, კაკტუსი, დინამო
“გ” ჯგუფი – ბათუმი, ვერა, ტიტები
გუნდები ჯგუფებში ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ნახევარფინალში გავლენ. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალს შეავსებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. დებულების თანახმად, ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს არ შეხვდებიან.
ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება 5, 6 და 7 ოქტომბერს. ნახევარფინალები 8-ში, ხოლო ფინალი 9 ოქტომბერს, 19:00 საათზეა დანიშნული.
დუდუ დადიანის მემორიალის ყველა შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.