დუდუ დადიანის მე-17 მემორიალი დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიხსნა. წლევანდელ გათამაშებაში სუპერლიგის 10-ივე გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ტრადიციულად, დადიანის მემორიალი სეზონის პირველი ტურნირია და მას გუნდები შესათამაშებლად, ლეგიონერების გამოსაცდელად და მეტოქეთა დასაზვერად იყენებენ. გამონაკლისი არც ეს ტურნირი გახლავთ: დღეს გამართული მატჩები საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
მგზავრები – შსს აკადემია-ტიტები 91:90
მგზავრებმა სუპერლიგის წინა სეზონში ბრინჯაოს მედლები რომ მოიგეს, ადრიან ბოუის დიდი დამსახურებაა. ამერიკელი ლეგიონერი მგზავრების ხელმძღვანელობამ ამ სეზონშიც შეინარჩუნა და ეს ალბათ ყველაზე კარგი სასელექციო სვლა იყო, რომელიც ამ გუნდმა განახორციელა. ბოუიმ “შსს აკადემია-ტიტებს” 30 ქულა ჩაუგდო, რითაც დადიანის მემორიალის გამარჯვებით დაწყებაში “მგზავრებს” დიდად დაეხმარა.
მატჩის ბედი ბოლო 2 წუთში გადაწყდა, როცა “მგზავრების” ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია, მანამდე კი ისეთი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა თუნდაც 5-ქულიანი ლიდერობის მოპოვება. მატჩის ბოლო პერიოდში ბოუის ხელი რეზო ჩაჩანიძემ და კახა ჯინჭარაძემაც შეაშველეს, რომლებმაც ქულა ქულაზე იხვეჭეს და “ტიტებს” მთელი თამაშის განმავლობაში ნაწვალები წყალში ჩაუყარეს. შსს აკადემია – ტიტებში კარგი დებიუტი ჰქონდა ყოფილ დინამოელ ილია ლონდარიძეს, რომელმაც შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.
კაკტუსი – ოლიმპი 84:85
ორივე გუნდმა სწრაფი კალათბურთი ითამაშა. შეხვედრა საინტერესო გამოვიდა და იმ გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში (მცირე გამონაკლისის გარდა) ლიდერობდა. ოლიმპელებმა გასული სეზონიდან შეინარჩუნეს ამერიკელი ლეგიონერი მარკ ოგდენი, რომელსაც 2 გამრჯე უცხოელიც დაამატეს და საკმაოდ სიმპატიური გუნდი ჩამოაყალიბეს.
ოლიმპელებმა პირველი პერიოდი 30:19 მოიგეს და ლიდერობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. “კაკტუსს” რამდენიმე ახალი ქართველი კალათბურთელი და ლეგიონერები ჰყავს, შესათამაშებლად დრო სჭირდება და დღევანდელ მატჩშიც შეხვედრის ბოლოს უკეთესად ათამაშდა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კაკტუსელებმა ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებამდე სულ ცოტა აკლდათ. დასრულებამდე 6 წამით ადრე “კაკტუსი” იგებდა და ბურთს ფლობდა. წუთშესვენებიდან დაბრუნებულმა კაკტუსელებმა ბურთი თამაშში ხეირიანად ვერ შეიტანეს, რომელიც ოლიმპელმა მარკ ოგდენმა ჩაჭრა, ჩარლზ ბენეტს გადააწოდა და ამ უკანასკნელმა საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
თსუ-ჰიუნდაი – დინამო 66:65
დუდუ დადიანის მემორიალის მოქმედმა მფლობელმა და სუპერლიგის ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” დებიუტანტ “თსუ-ჰიუნდაისთან” წააგო. გამარჯვების ქულა საჯარიმოდან გიორგი კორსანტიამ ჩააგდო, ისე კი გამარჯვება თსუ-ჰიუნდაელთა გუნდის ყველა მოთამაშის და მწვრთნელების დამსახურებაა. სუპერლიგის დებიუტანტებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, მოქმედ ჩემპიონსა და ბოლო წლების ყველაზე შედეგიან გუნდს დასანანი მარცხი აწვნიეს.
“თსუ-ჰიუნდაიმ” კრისტოფერ ანდერსონი ამ სეზონშიც დაიტოვა, რომელსაც გამრჯე სერბი ცენტრი რატკო პეტრიჩი და ამერიკელი ჯეიმს მილიკენი შეამატა. ამათ დაუმატეთ ახალგაზრდა და მებრძოლი ქართველი კალათბურთელები და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ხელში საკმაოდ კარგმა შემადგენლობამ მოიყარა, რომელსაც მომავალ სეზონში სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია.
დელტა – რუსთავი 77:71
პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში “დელტამ” “რუსთავი” დაამარცხა. თბილისელები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდნენ, თუმცა ბექა ბექაურისა და ამერიკელი ლეგიონერის – რობ ბრანდენფორდის წინამძღოლობით დასკვნით წუთებზე ლიდერობა მოიპოვეს და გამარჯვებას მიაღწიეს. თბილისელებიო, “დელტაზე” ვთქვით. ამ გუნდმა ქალაქი გამოიცვალა და გასულ სეზონში მარნეულს რომ წარმოადგენდა, ამიერიდან დედაქალაქური გუნდია.
რუსთაველებს 3 ლეგიონერი ჰყავთ, რომლებიც გამრჯეები არიან და კიდევ მოუმატებენ, თუმცა სადღეისოდ მხოლოდ მათმა გარჯამ ქვემოქართლელებს ვერ უშველა. დელტელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. მომდევნო მატჩს რუსთაველები 17 ოქტომბერს “ბათუმთან” გამართავენ, ხოლო “დელტა” ამავე დღეს “დინამოს” დაუპირისპირდება.
17 ოქტომბრის მატჩები