ვეტერანი კალათბურთელისა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის მემორიალი დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაიწყო.
ხსოვნის ტრადიციული ტურნირი უკვე მეათედ იმართება და ამჯერადაც ეროვნული ჩემპიონატის წინ. სწორედ ამიტომ, დადიანის მემორიალი კარგი საშუალებაა გუნდებისთვის, ახალშერჩული შემადგენლობა გამოსცადოს და თან მეტოქეებიც შეათვალიეროს.
წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი იღებს, რომლებიც 2 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. შესაბამისად, თითო ჯგუფში დღეში თითო მატჩი იმართება. დღეს ტურნირი „შსს-აკადემიასა“ და „სოხუმის“ მატჩით დაიწყო. სხვათა მსგავსად, ამ გუნდებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს. აკადემიელთა გუნდი გაახალგაზრდავდა და ჯერჯერობით ლეგიონერების გარეშეა, სოხუმელებმა კი უკვე 2 ლეგიონერი შეიმატეს და კიდევ ერთს ელოდებიან. „სოხუმის“ შემადგენლობაში გამოჩნდა ეროვნული ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი, რომელიც დადიანის მემორიალს ვაჟა კვარაცხელიას გუნდში ითამაშებს, თუმცა შემდეგ, შესაძლოა, უცხოურ კლუბში გადავიდეს.
შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო. პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ის „შსს-აკადემიას“ 3-ქულიანი გამარჯვებით- 18:15 დასრულდა. მეორე მეოთხედის შუაწელიდან სოხუმელებმა თამაში დაალაგეს და უპირატესობასაც დაეპატრონნენ. ირაკლი ჩლაიძის, ამერიკელი ჯოშუა ჯექსონის, ვახტანგ ქადარიას და სხვათა აქტიურობით სოხუმელებმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს და დიდი შესვენებისთვის 9 ქულით დაწინაურდნენ – 40:31.
მეორე ტაიმი შსს-მ უფრო აქტიურად დაიწყო და რევაზ როგავას შედეგიანობით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 40:42. ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც აკადემიელებმა მოახერხეს. სოხუმელებმა ტემპს და სიზუსტეს უმატეს, რაც შედეგზე აისახა. მესამე მეოთხედის შემდეგ კვარაცხელიას გუნდი 16 ქულით დაწინაურდა, ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე კი სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა. საბოლოოდ სოხუმელებმა 84:69 მოიგეს. ირაკლი ჩლაიძე 20 ქულით ბომბარდირი გახდა, ნიკა მეტრეველმა 14 მოაგროვა, ხოლო ვახტანგ ქადარიამ შეხვედრა ორმაგი დუბლით ( 16 ქულა, 11 მოხსნა) დაასრულა.
დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „ოლიმპი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. „ოლიმპი“ დაახლოებით იმ გაქანების გუნდია, რაც წინა სეზონში იყო, თუმცა თითქმის სულ სხვა შემადგენლობით, ხოლო ქვემოქართლელები ლეგიონერთა და რამდენი ქართველი კალათბურთელის წასვლის შედეგად დასუსტდნენ.
ოლიმპელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. „რუსთავმა“, რომელიც თავიდანვე ჩამორჩა და მეორე მეოთხედიდან სოლიდური სხვაობით აგებდა, მესამე პერიოდში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა – 41:47. ეს იყო და ეს, ამ მომენტიდან ოლიმპელებმა თამაში დაალაგეს და 10:0 გაქცევა მოაწყვეს. საბოლოოდ დავით თორთლაძის გაწვრთნილმა გუნდმა 23 ქულის სხვაობით მოიგო და ჯგუფში დაწინაურა.
ოლიმპელთა შემადგენლობაში 19 ქულით ბომბარდირი ირაკლი მიქელაძე გახდა, 14 ქულა ჰქონდა ლაშა ფარღალავას, ხოლო რიჩარდ მათიაშვილს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა – 11 მოხსნა, 8 ქულა.
ხვალ, 6 ოქტომბერს, ერთმანეთს არმია – რუსთავი (16:00) და ქუთაისი – სოხუმი (18:00) შეხვდებიან.
შსს აკადემია – სოხუმი 69:84
ოლიმპი – რუსთავი 76:53