დუდუ დადიანის მემორიალის ფინალისტები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებში გამოვლინდნენ. ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის
რიგით მე-15 გათამაშების ფინალში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „დინამო“ შეხვდებიან.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „ქუთაისმა“ ფინალში გასასვლელ მატჩში „რუსთავი“ 88:78 დაამარცხა. ქვემოქართლურ გუნდს პირველ მატჩში „სოხუმი“ ჰყავდა
დამარცხებული და ქუთაისელებთან წარმატების შემთხვევაში ფინალში გადიოდა. რუსთაველებს გასვლის თეორიული შანსი კი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის მსვლელობის გათვალისწინებით, რეალობამდე საკმაოდ შორს იყო.
პირველი მეოთხედის შემდეგ „ქუთაისი“ 28:12 იგებდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო – 54:30 ტუღუშის გუნდის
სასარგებლოდ. გიორგი ცინცაძის წინამძღოლობით ქუთაისელებს არ უჭირდათ რუსთაველთა დაცვითი ჯებირის გარღვევა. წინა ხაზში ბექა ბექაურისა და დეიან ბიელიჩის აქტიურობით, რომლებდსაც ხელს ვახტანგ ქადარიაც აშველებდა, ქუთაისელებმა ფარქვეშ სოლიდურ უპირატესობას მიაღწიეს და გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა დიდი შესვენებისთვის დაიბევეს.
ფორმალობად ქცეულ მეორე ნახევარფში ბევრი არაფერი შეცვლილა. ქუთაისელთა მწვრთნელმა სასტარტოების დასვენებას მიჰყო ხელი, რაც ანგარიშის სხვაობის
შემცირებაში გამოიხატა. საბოლოოდ რუსთაველებმა 10 ქულამდე მოახერხეს ჩამორჩნის გაბათილება და ტურნირს 1 მოგებითა და ამდენივე მარცხით დაემშვიდობნენ.
ქუთაისელთა შორის 21 ქულითა და 14 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა. 17 ქულა და 7 მოხსნა ბიელიჩის ანგარიშზე დაგროვდა. გიორგი ცინცაძემ მოედანზე
ყოფნის 18 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. რუსთაველთა ბომბარდირი 16 ქულით ქეის კასპერბაუერი გახდა, ტომი სპანოლომ კი ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.
რუსთავი – ქუთაისი 78:88
მეორე ფინალისტი „დინამოსა“ და „მგზავრების“ დაძაბულ მატჩში გამოვლინდა. „მგზავრებს“ პირველი მატჩი 21 ქულით ჰქონდა „ოლიმპთან“ წაგებული,
და ფინალში გასასვლელად „დინამოს 22 ქულით დამარცხება სჭირდებოდა. „მგზავრებმა“ ამ რთული მისიის შესრულება კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ „დინამომ“ მესამე პერიოდის 22:14 მოგებით ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და ბოლო მეოთხედში ანგარიში სულაც გაათანაბრა.
ცხადი იყო, რომ „მგზავრები“ ფინალში ვეღარ გავიდოდნენ, თუმცა ნებისმიერი სხვაობით მოგება მათი პრესტიჟის საქმე იყო. თანაც, „დინამოს“ წაგების
შემთხვევაში, ფინალში „ბ“ ჯგუფის მესამე მონაწილე „ოლიმპი“ გადიოდა. ბოლო წამებამდე დაძაბული ბრძოლა გაგრძელდა. „მგზავრებს“ გამარჯვებამდე მცირედი აკლდა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წამით ადრე მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც წინა შეტევაში ფარქვეშ მარტო მდგარმა ააცილა, სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.
დამატებით ხუთწუთეულში დინამოელებმა სამქულიანებით მოახერხეს „მგზავრების“ გატეხვა და ფინალში ორიოდ საათით ადრე გასულ „ქუთაისს“ შეუერთდნენ.
„დინამოს“ 20 ქულით და 16 მოხსნით ილია ლონდარიძემ ულიდერა. 13 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ენტონი მორისმა, მიხეილ ბერიშვილმა კი გამარჯვებულებს
14 ქულა მიაშველა. „დინამოში“ დებიუტი ჰქონდა „შსს-აკადემიას“ შემადგენლობაში 2013 წლის საქართველოს ჩემპიონ დეონტა ვონს. ამერიკელმა ლეგიონერმა 13 ქულა და 7 პასი მიითვალა. „მგზავრებში“ 19 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე, ქარიმ კალების ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
მგზავრები – დინამო 75:83
ხვალ, 8 ოქტომბერს დასვენების
დღეა, ხოლო 9-ში, 18:00 საათზე დუდუ დადიანის თასისთვის მატჩში ერთმანეთს „ქუთაისი“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან.