დუდუ დადიანის ტრადიციული ტურნირი, რომელიც სეზონის დასაწყისში 2002 წლიდან იმართება, დღეს რუსთავში დაიწყო. სუპერლიგის გუნდებისთვის ტურნირში
მონაწილეობა ნებაყოფლობითია და წლეულს მემორიალში ასპარეზობის სურვილი ოთხმა მათგანმა – დინამომ, რუსთავმა, ოლიმპმა და სოხუმმა გამოთქვეს.
დღეს ამ გუნდების მონაწილეობით რუსთავის სპორტსკოლის დარბაზში 2 მატჩი გაიმართა: „დინამო“ დადიანის მემორიალის შარშანდელ გამარჯვებულ „სოხუმს“
შეხვდა, ხოლო „რუსთავი“ – „ოლიმპს“. მატჩები საინტერესო გამოდგა, განსაკუთრებით კი მეორე შეხვედრა.
„ოლიმპმა“, რომელსაც წინა სეზონთან შედარებით შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა. გუნდის ხელმძღვანელობამ აქცენტი ახალგაზრდებზე აიღო და შემადგენლობა
მთლიანად 20-23 წლის მოთამაშეებით დააკომპლექტა. გუნდის სრულ შემადგენლობას ოქმში ნახავთ, აქ კი აღვნიშნავთ, რომ გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით სუპერლიგას ერთი სიმპათიური გუნდი შეემატა, რომლის ახალგაზრდებიც ლაღად, ჟინით და შემართებით თამაშობენ.
„ოლიმპმა“ „რუსთავთან“ 6 ქულით წააგო, მაგრამ თბილისელთა მწვრთნელი, გია კაზანჯიანი ნამატჩევს კმაყოფილი იყო. ოლიმპელებმა ბოლომდე იბრძოლეს,
მთელი მატჩის განმავლობაში ტოლ-სწორად ეთამაშნენ ძლიერი შემადგენლობის „რუსთავს“ და ბოლო წუთებზე წააგეს. გამოცდილებამ თავისი გაიტანა – რუსთაველებმა დაიბრუნეს თავიანთი სკოლის გამოზრდილი მოთალაშეები: აკაკი დვალიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, გოგა ცეკვავა. ამასთან ქვემოქართლელებმა ამერიკელი ლეგიონერი ჰეიდენ ჰიუმსი დაიმატეს.
ამ შემადგენლობით რუსთაველებს შორსმიმავალი გეგმები აქვთ და დღეს დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს მებრძოლ „ოლიმპთან“ – 93:87. ბრძოლა არ
დააკლო „სოხუმმაც“, მაგრამ გასული სეზონის სუპერლიგის ჩემპიონ „დინამოსთან“ ვერაფერს გახდა. სოხუმელები მატჩის მსვლელობისას დიდი სხვაობით აგებდნენ. შემართების ხარჯზე
ბოლო პერიოდში ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ძალა და კლასი არ ეყოთ.
„დინამომ“ ლეგიონერები დაკარგა, თუმცა რამდენიმე ძლიერი ქართველი მოთამაშე დაიმატა და ფავორიტის სტატუსიც შეინარჩუნა. ბესო ლეჟავა, გიორგი გამყრელიძე, რიჩარდ მათიაშვილი, რევაზ დიდია… ამას დამატებული ახალგაზრდა მოთამაშეები და „დინამო“ დადიანის მემორიალის მოგების რეალურ კანდიდატად შეიძლება დასახელდეს.
ხვალ რუსთავში დუდუ დადიანის ტურნირის კიდევ 2 მატჩია. ოლიმპი – დინამო და რუსთავი – სოხუმი. შეგახსენებთ, რომ ტურნირი 3-დღიანია – 4 გუნდი ერთ ჯგუფშია თავმოყრილი და 1 წრის თავზე გამარჯვებული გამოვლინდება.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
დინამო -სოხუმი 91:78
ვაჟა კვარაცხელია, სოხუმის მთავარი მწვრთნელი:
– შედეგი მოსალოდნელი იყო. ჩვენი გუნდი არაა ისე მომზადებული, რომ ამ მატჩში წარმატება მოეპოვებინა. ეს ხომ სუპერლიგისთვის მოსამზადებელი თამაშებია და ჩვენც ამ კუთხით ვუდგებით. დღევანდელ მატჩში ჩვენს გუნდში მე აღმოვაჩინე 2 მოთამაშე, რომლებსაც ამ სეზონში დავეყრდნობი.
ირაკლი ხოშტარია, დინამოს მთავარი მწვრთნელი:
– 10 დღეა შევიკრიბეთ და ესაა, რაც შევძელით. 20-30 წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ თავი იჩინა გადაღლილობამ, სოლიდურმა ლიდერობამაც მოადუნა
ბიჭები და მატჩის ბოლოს ცუდად ვითამაშეთ. ერთი თვე მაინც გვინდა, რომ ფორმაში შევიდეთ, მადლობა ბიჭებს, რომ მოიგეს.
რუსთავი -ოლიმპი 93:87
გია კაზანჯიანი, ოლიმპის მთავარი მწვრთნელი:
– ბევრად გამოცდილ და ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. ჩვენთვის ეს იყო პირველი შეხვედრა და უნდა ვთქვა, რომ ბიჭებმა კარგად ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ და დაცვაში შეცდომები გვქონდა, მჯერა, რომ ეს გუნდი კიდევ მოუმატებს და მაყურებელს არაერთ საინტერესო თამაშს აჩუქებს.
მიხეილ ბერუაშვილი, რუსთავის მთავარი მწვრთნელი:
– დაძაბული მატჩი იყო, მე მგონი მაყურებელმა ისიამოვნა. რაც შეეხება თამაშს, პირველი შეხვედრა იყო, ბევრი შეცდომები დავუშვით და იმედი მაქვს, ხარვეზებს გამოვასწორებთ და უკეთეს
ფორმაში შევხვდებით ჩემპიონატს.