დუდუ დადიანის მემორიალის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. გია კაზანჯიანისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა ბათუმმა “გ” ჯგუფის ბოლო მატჩში 92:79 დაამარცხა ტიტები და ორიდან 2 გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა. თითო მოგებ-წაგებით მეორე ადგილზე დამკვიდრდა ტიტები, ხოლო ჯგუფის ბოლო ადგილი 2 წაგებით ვერამ დაიკავა.
ბათუმელებს საკმაოდ დაბალანსებული გუნდი ჰყავთ როგორც ქართველებით, ისე – ლეგიონერებით. პირველი პერიოდი ზღვისპირელებმა 12 ქულით მოიგეს, თუმცა ტიტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ლაშა გამყრელიძის გუნდმა კონცენტრაცია არ დაკარგა და მცირედით, თუმცა მომდევნო 2 პერიოდი მოიგო. შესაბამისად, თამაში თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა და ბოლო ათწუთეულის დასაწყისში სხვაობა 3-5 ქულა გახლდათ.
დასკვით წუთებში შესანიშნავად ითამაშეს ბათუმელებმა, განსაკუთრებით კი მათმა ამერიკელმა ლეგიონერმა – კოლინ მალკოლმმა და სერბმა ნიკოლა ვუიოვიჩმა. მათი მექულეობით ზღვისპირელთა ლიდერობამ 10 ქულას მიაღწია, ხოლო რეზო ჩაჩანიძის ზუსტი სამქულიანით ბოლოსწინა წუთზე მატჩის ბედი საბოლოოდ გაირკვა. ბათუმმა 92:79 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე წაუგებლად გავიდა. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ვუიოვიჩმა, რომელმაც 23 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 16 ქულა დააგროვა ჯენიუს პროველმა, ხოლო მალკოლმის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა. სარგებლიანი იყო ლევან მასხულიაც, რომელმაც 13 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. ტიტებში 20 ქულითა და 9 მოხსნით ნიკა მეტრეველი გამოირჩა, ხოლო ტრისტინ უოლემ შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.
თუ ვინ შეხვდება ბათუმელებს, ასევე რომელი გუნდები ითამაშებენ მეორე ნახევარფინალში, ჯგუფური ეტაპის დარჩენილ 2 მატჩში გაირკვევა, რომლებიც დღეს გაიმართება:
რუსტავი – კაკტუსი 16:00
თსუ – ქუთაისი 18:00