დუდუ დადიანის თასის ფინალში ვსა ტიტულს ქუთაისთან დაიცავს

დუდუ დადიანის თასის ფინალში ვსა ტიტულს ქუთაისთან დაიცავს

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიის გუნდი “VSA-Basketball” და “ქუთაისი 2010” შეხვდებიან. ვსა დუდუს თასის მოქმედი მფლობელია და ტიტულს სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისელებთან დაიცავს. ვსა-მ შარშანდელ ფინალში აწ უკვე “ა” ლიგაში დაქვეითებული “ამრა” დაამარცხა, ხოლო “ქუთაისი” ჯგუფში ჰყავდა და დაძაბულ ბრძოლაში 89:84 მოუგო.

ვსა-მ ნახევარფინალში საკმაოდ დიდი ბრძოლა გადაიტანა “ბათუმთან”, რომელსაც ბოლო წუთებზე – 79:76 (სტატისტიკა) სძლია. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა პირველი პერიოდი 25:15 კი მოიგეს, მაგრამ შემდეგ ზღვისპირელთა დომინაცია დამყარდა და მეორე ათწუთეულის 14:5 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე ანგარიშში სხვაობა მხლოდ 1 ქულა იყო. 

ბათუმელები მესამე პერიოდში დაწინაურდნენ და იგებდნენ ბოლო პერიოდამდე, სადაც ლუკა ლიკლიკაძის შედეგიანი დაცვისა და ლეგიონერების – დემარი კინგისა და ტერენს ჰარქამის შედეგიანობით გამარჯვებამდე მივიდნენ. ბათუმელებს ბოლო წამზე გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა აკაკი დვალიშვილის სამქულიანი მიზანს ასცდა.

სამაგიეროდ, ოვერტაიმი დაინიშნა მეორე ნახევარფინალში, რომელშიც დრამატული ბრძოლა შედგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდსა და “ქუთაისს” შორის. გამარჯვებულის ვინაობა ოვერტაიმში გაირკვა, თუმცა თამაში რომ დამატებით დროში გადავიდა, გვარიანი მოულოდნელობაა. იმის გამო არა, რომ “ქუთაისი” ზოგადად კსუ-ზე ნაკლებია. საქმე იქამდე იყო მისული, რომ კავკასიელთა გამარჯვება თითქმის გადაწყვეტილი იყო. ბოლო წუთზე კსუ 5 ქულით (88:83) იგებდა და ბურთს ფლობდა, თუმცა საქმე ისე დატრიალდა, რომ ქუთაისელებმა ანგარიში გაათანაბრეს.

თამაშის დასრულებამდე 32 წამით ადრე კსუ-ს ლეგიონერმა, დონი ტილმანმა 2-ქულიანი ააცილა და ბურთი ქუთაისს დარჩა. ჯავიონ ოგუნიემმა დასრულებამდე 30 წამით ადრე ორქულიანი მიითვალა, მაგრამ კსუ-ს მაინც კარგად ჰქონდა საქმე. ჯასტინ ფორესტს ოგუნიემმა დაუფარა მაგრამ ბურთი აუტში ქუთაისელებისგან გადავიდა. კსუ-ს უკანახაზელი, ლუკა მაზიაშვილი ბურთს კარგავს და ქუთაისს თამაშის გადასარჩენად 20 წამი რჩება. გამთანაბრებელი სამქულიანი ქუთაისელთა ცენტრმა, ჯავიონ ოგუნიემიმ ზედ საფინალო სირენის წინ ჩააგდო – 88:88.

დამატებით დროში ქულა-ქულაში თამაში წავიდა, მაგრამ კსუ ლიდერობდა. კავკასიელები იგებდნენ ბოლო წამებზეც, მაგრამ გიორგი სულაბერიძემ ლუკა ალავიძის აცილებულს დაამატა და გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 97:96 (სტატისტიკა). საოცარი მატჩი, რომელიც ქუთაისმა მოიგო და ფინალში გავიდა. ქუთაისელებს დეტრიკ ბრაუნინგმა 31 ქულით, 5 მოხსნით და 5 პასით ულიდერა. 15 ქულა, 8 მოხსნა და 4 დაფარება ოგუნიემის ანგარიშზეა. 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი ტაირი ბოიკინმა მიითვალა. 

ფინალური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.