კავკასიამ რუსთავს მოუგო და მემორიალის ფინალში თსუ-ს შეუწყვილდა

კავკასიამ რუსთავს მოუგო და მემორიალის ფინალში თსუ-ს შეუწყვილდა

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში გასულ თსუ-ს სუპერლიგის დებიუტანტი კავკასია შეუერთდა. ბექა წივწივაძის შედარებით ახალშექმნილმა გუნდმა საქართველოს ყველა ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე რუსთავი დაამარცხა. თანაც ისე, რომ დიდად არ გასჭირვებია. კავკასიელები უმეტესწილად ლიდერობდნენ, ბოლოს კი ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეპატრონნენ და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ – 90:79 (სტატისტიკა)

რუსთაველებმა მიმდინარე ტურნირზე მეორე მატჩი წააგეს. პირველად ქვემოქართლელები ჯგუფში ქუთაისთან დამარცხდნენ, თუმცა ნახევარფინალში მეორე ადგილიდან, ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე გავიდნენ. კავკასიამ კი ჯგუფში დიდი ბრძოლები გადაიტანა – სამივე მეტოქეს – ტიტებს, ვერას და ოლიმპს დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია და ნახევარფინალში გავიდა. 

კავკასიელებმა ყველაზე დამაჯერებლად სწორედ ნახევარფინალი ითამაშეს და მეტოქეს ისე მოუგეს, ბოლო წუთები დაძაბული არ ყოფილა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კავკასიელები პროგრესირებენ და სუპერლიგის ახალ სეზონს, რომელიც 23 ოქტომბერს იწყება, კარგ ფორმაში ხვდებიან.

რუსთავთან მოგებულ მატჩში წივწივაძის გუნდმა მესამე პერიოდში ტემპს და სიზუსტეს უმატა, რაც ანგარიშზეც აისახა და კავკასიელთა ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა. რუსთაველთა მწვრთნელი, ანატოლი ბოისა შეეცადა, რომ წუთშესვენებებითა და ტაქტიკის ცვლილებით ვითარება გამოესწორებინა, მაგრამ მეტოქემ გამართული თამაშით ამის საშუალება არ მისცა. 

გამარჯვებულებს 22 ქულით ლევან გოგიჩაიშვილმა ულიდერა. 17 ქულა კრის მაკნილმა დააგროვა, ლევან ქვარცხავასა და ჯასტინ ფოსტერის ანგარიშზე კი 13-13 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ანზორ ნადირაძე.

ფინალური მატჩი, რომელშიც ერთამანეთს კავკასია და თსუ შეხვდებიან, ოლიმპიურ სასახლეში 19 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.

ბა.