დუდუ დადიანის თასი ქუთაისელებმა მოიგეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კლუბმა ცნობილი ქართველი კალათბურთელის მემორიალურ ტურნირში მეორედ იმარჯვა. პირველად ეს 2011 წელს მოხდა, როცა “ქუთაისი 2010”-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დაამარცხა, დღეს კი რიონისპირელებმა “რუსთავს” 14 ქულით სძლიეს და ქუთაისში დუდუ დადიანის თასით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ.
ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთაველებმა ჩინებულად ჩაატარეს ფინალამდე გამართული ყველა მატჩი. ქვემოქართლელებს არ გასჭირვებიათ არც ერთ მეტოქესთან, სანამ სატიტულო მატჩში “ქუთაისს” არ დაუპირისპირდნენ. იმერული კლუბის სატურნირე ოდისეა კი თითქმის საპირისპირო გახლდათ. ტუღუშის გუნდმა გაჭირვებით მოიგო ჯგუფის მატჩები და რომ იტყვიან, ჯგუფიდან ჯაჯგურით გავიდა, რის შემდეგაც მეორე სუნთქვა გაეხსნა და პლეი ოფის ორივე მატჩი – ნახევარფინალი და ფინალი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა.
იოლი ეთქმის განსაკუთრებით ფინალურ მატჩს, რომლის საწყისი პერიოდიც ქუთაისელებმა 25:17 მოიგეს, მეორე ათწუთეულში კი ორმაგი ანგარიშით – 44:22 დაწინაურდნენ. რიონისპირელთა წარმატება გამოცდილ და კლასით კარგად დაბალანსებულ შემადგენლობაშია. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ქუთაისელებს შეემატათ ტრავმამოშუშებული ლუკ მოიერი, რომელმაც წინა და უკანა ხაზი თავისი სისწრაფითა და განსაკუთრებით ზუსტი შორი სროლებით შეაკავშირა. აკაკი დვალიშვილზე და ილია ლონდარიძეზე უკეთ არავინ უნდა იცოდეს, თუ რა ხდება სუპერლიგის გუნდების სამწამიანში, რაც ამ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამ მოთამაშეებმა უდიდესი სამუშაო გასწიეს ორივე ფარქვეშა ზონაში, რითაც ქუთაისელებს გამარჯვების შანსი უბოძეს, რუსთაველებს კი – მოუსპეს.
ფინალური შეხვედრა არ დაძაბულა, თუ არ ჩავთვლით მატჩის დასრულებამდე შვიდიოდ წუთით ადრე რუსთაველთა მიერ 7 ქულამდე შემცირებულ სხვაობას, რომელიც ილია ლონდარიძისა და აკაკი დვალიშვილის შედეგიანობით ქუთაისელთა სასარგებლოდ უმალ 10 ქულას ასცდა.
საბოლოოდ ქუთაისელებმა 92:78 მოიგეს და დადიანის თასს დამსახურებულად დაეპატრონნენ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ილია ლონდარიძე დასახელდა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, თამაშის დასკვნით წუთებზე, როცა დვალიშვილი მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გავარდა, უმნიშვნელოვანესი ბურთები ჩააგდო. მატჩის შემდეგ გამართულ ცერემონიალზე ლონდარიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და დუდუს ძმისშვილებმა – სანდრომ და ნიტამ დააჯილდოვეს. სანდრომ და ნიტამ გადასცეს დუდუს თასი ქუთაისელთა კაპიტან გიორგი ბარბაქაძეს.
ქუთაისელებმა რომ გუნდურად ითამაშეს, სტატისტიკიდანარც კარგად ჩანს. მოედანზე გამოსული 8 კალათბურთელიდან 6 ასცდა ათქულიან ზღვარს. ბომბარდირი 21 ქულით ლონდარიძე გახდა, 17 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო აკაკი დვალიშვილმა თავი 15 ქულას, 13 მოხსნას, 6 პასსა და 3 დაფარებას მოუყარა. რუსთაველთაგან 23 ქულითა და 8 მოხსნით მაიკ დევისი გამოირჩა. 17 ქულა და 9 მოხსნა ჯილან ვაშინგტონმა დააგროვა.
დუდუ დადიანის მემორიალი. ფინალი. 12 ოქტომბერი
რუსთავი – ქუთაისი
სტატისტიკა: 78:92