“ქუთაისი” დუდუ დადიანის მემორიალის ფინალშია

“ქუთაისი” დუდუ დადიანის მემორიალის ფინალშია

დუდუ დადიანის თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისი წლეულსაც ფინალშია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა “ოლიმპი 69:63 (სტატისტიკა) დაამარცხა და ტიტულს ფინალურ მატჩში დაიცავს. ქუთაისელების მეტოქე 3 საათში გაირკვევა და ის ან თსუ, ან “ტიტები” იქნება. ამ გუნდების ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.

დავით როგავას გაწვრთნილი “ოლიმპი” გუშინ თსუ-თან ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა ნახევარფინალში ჯგუფის მეორე ადგილიდან გავიდა. ოლიმპელებს პლეი ოფში საკმაოდ დაბალანსებული მეტოქე შეხვდა, რომელსაც ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მოსაგებად ძალები არ ეყო.

“ქუთაისმა” უპირველესად კლასისა და დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე გაიმარჯვა. იმერულ კლუბს ყველა პოზიციაზე 2-2 კარგი მოთამაშე ჰყავს და მწვრთნელიც საჭიროების დროს თამამად ცვლიდა კალათბურთელებს. პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 5 ქულით მოიგეს, მეორე – ამდენითვე წააგეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი იყო. მესამე ათწუთეულიდან თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა ერთის მხრივ კარგი დაცვის და მეორეს მხრივ, ოლიმპელთა შეცდომების ხარჯზე, სტუმრებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. ამგვარ თანაბარ თამაშში 5-7-ქულიანი ლიდერობა საკმაოდ დიდი ჰანდიკაპი იყო, რომელიც ქუთაისელებმა ხელიდან არ გაუშვეს და თამაში ისე ჩაამთავრეს, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.

13 ქულით ქუთაისელთაგან ბომბარდირი ლუკ მოიერი გახდა. 11 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი ადრიან ბოუის ანგარიშზეა. 10-10 ქულა აკაკი დვალიშვილმა და ოთო ფხაკაძემ მიითვალეს. გიორგი კორსანტიამ იმერულ კლუბს 9 ქულა და 16 მოხსნა შესძინა. ოლიმპელთაგან 19 ქულით ბომბარდირი კახა ჯინჭარაძე გახდა, საუკეთესო შედეგიანობა კი ლუკა კალატოზიშვილმა გამოავლინა – 9 ქულა, 13 მოხსნა, 3 დაფარება.