დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპის 15 მატჩიდან ჯერ მხოლოდ 8 ჩატარდა, თუმცა პირველი ნახევარფინალისტი უკვე ცნობილია. ეს გახლავთ საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010”, რომელმაც დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული 5 მატჩიდან ყველაზე დიდი მოულოდნელობა შემოგვთავაზა.
თავად იმაში, კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა “რუსთავს” რომ მოუგო, მოულოდნელი არაფერია. აქ ის იყო სენსაციის ტოლფასი, რომ ქუთაისელებმა ფაქტობრივად წაგებული მატჩი მოიგეს. თავად განსაჯეთ: შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა და რუსთაველები 14 ქულით – 93:79 იგებდნენ. მატჩი ისე დასრულდა, რომ ქვემოქართლელებმა ბურთი ვეღარ ჩააგდეს, ხოლო ქუთაისელებმა ერთბაშად 17 ქულა მიითვალეს და 96:93 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს.
ასეთი დიდი სხვაობის მცირე დროში გაბათილება კალათბურთში იშვიათად ხდება და სწორედ ამის მომსწრე გახდნენ ამ მატჩის მაყურებლები. ქუთაისელთა ბოლო 17 ოქროს ქულიდან ყველაზე მეტი – 7 სტენლი დევისმა ჩააგდო. ლუკა მაზიაშვილმა 5 მიითვალა, ჯარვის რეიმ – 3, გიორგი ბარბაქაძემ კი – 2. იმერულმა კლუბმა ამ გამარჯვებით დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. , რადგან ერთადერთ 3-გუნდიან ჯგუფში ორივე შეხვედრა მოიგო. ტუღუშის გუნდი 2 დღე დაისვენებს და 16 ოქტომბერს ფინალში გასასვლელად მომავალ მეტოქეს შეერკინება, რომელიც ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებში გამოვლინდება.
სხვა ჯგუფებში ჯერ ყველაფერი გასარკვევია. “ბ” ჯგუფს 2 ლიდერი ჰყავს: “ოლიმპი” და “კავკასია”. ორივე მათგანმა 2-2 გამარჯვება გაიფორმეს და ჯგუფის გამარჯვებულის, შესაბამისად – ნახევარფინალისტის გამოსავლენად ერთმანეთს 14 ოქტომბერს შეებმებიან. ოლიმპელებმა დღეს დაძაბულ ბრძოლაში “ტიტები 87:80 (სტატისტიკა) დაამარცხეს. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. რაც შეეხება “კავკასიას”, სუპერლიგის დებიუტანტმა კვლავ ქულა-ქულა ფინალში იმარჯვა. ბექა წივწივაძის გუნდმა “ვერას” 85:83 (სტატისტიკა) სძლია. წინა მატჩის მსგავსად გადამწყვეტი კვლავ კავკასიელთა ჩუბინი ლეგიონერის, ჯასტინ ფოსტერის სამქულიანი გამოდგა, რომელიც ამერიკელმა უკანახაზელმა მატჩის ბოლო წამებზე ჩააგდო და თავისიანებს გამარჯვება გაუნაღდა.
ყველაფერი წინაა “ა” ჯგუფში, სადაც 13 ოქტომბერს პირველი ტურის მატჩები ჩატარდა. თსუ-მა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში – 81:80 (სტატისტიკა) მოუგო “ცხუმ-აფხაზეთს”, ხოლო “ბათუმმა” შედარებით იოლად – 80:67 (სტატისტიკა) მოუგო “კაკტუსს”. სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის გუნდები ერთმანეთს მეორე ტურში – 14 ოქტომბერს შეხვდებიან და გამარჯვებული ნახევარფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.