“საქართველო 2004”-მა ევროპის ლიგის მეორე წრე მოგებ-წაგებით დაიწყო

“საქართველო 2004”-მა ევროპის ლიგის მეორე წრე მოგებ-წაგებით დაიწყო

მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი “საქართველო 2004”, რომელიც ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ევროპის ლიგის მეორე წრესი ჩაება. აღნიშნული გუნდი საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში იღებს, რომლის მიზანიც იმედისმომცემი მოზარდების ხელშეწყობა და მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე გასაქანის მიცემაა.

ევროპის ახალგაზრდული (2004-წლიანთა) ლიგის მეორე წრე დღეს, 18 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში დაიწყო. “საქართველო 2004”-მა 2 მატჩი გამართა და პირველში დამარცხდა, ხოლო მეორე – მოიგო.. პირველ შეხვედრაში ქართველები ლატვიურ DSN-ს დაუპირისპირდნენ და 42:69 დამარცხდნენ. ამ მატჩში ქართველთაგან 13 ქულით ნიკოლოზ გულიაშვილი გამოირჩა.

მეორე მატჩი “საქართველო 2004”-მა ლატვიურსავე “კრაუკლა-ვეფ”-თან გამართა. ტურაშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა საკმაოდ დამაჯერებლად – 72:40 იმარჯვეს. შეხვედრაში 18 ქულით კოკა კაკულია გამოირჩა. 12 ქულა დააგროვა გულიაშვილმა, გიორგი მესხის ანგარიშზე კი 8 ქულა და ამდენივე მოხსნა იყო. 

“საქართველო 2004” ემდეგ მატჩებს 19 იანვარს გამართავს: თბილისის დროით 11:00 საათზე ლატვიურ “ვალმიერას” დაუპირისპირდება, ხოლო 17:40-ზე “რიგას” შეხვდება.

DSN -საქართველო 2004
სტატისტიკა: 42:69

საქართველო 2004 – კრაუკლა-ვეფ
სტატისტიკა: 72:40