საქართველომ ისრაელთან მეორე სპარინგ-მატჩი დათმო და საბერძნეთში მიემგზავრება

საქართველომ ისრაელთან მეორე სპარინგ-მატჩი დათმო და საბერძნეთში მიემგზავრება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან მეორე ტესტ-მატჩი გამართა და 2 განსხვავებული ტაიმი ითამაშა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი პირველ ნახევარში მეტოქეს ჯობდა, რაც სწორი დაცვისა და მოედანზე გააზრებული მოქმედების შედეგი გახლდათ, ხოლო მეორეში ჩვენი გუნდი ვეღარ იყო მოწოდების სიმაღლეზე, გარკვეული ტაქტიკური შეცდომები დაუშვა და საბოლოოდ 68:81 (სტატისტიკა) დამარცხდა.

პირველი პერიოდი ქართველებმა 22:18 მოიგეს, ხოლო მეორეში კიდევ უფრო იყოჩაღეს და მეტოქე 9 ქულით – 41:32 ჩამოიტოვეს. პირველი ნახევრის დასრულებამდე 1 წამით ადრე ისრაელის ნაკრების ნახევრადქართველმა გაბრიელ ჭაჭაშვილმა ორქულიანი მიითვალა და დიდი შესვენებისთვის ისრაელის ჩამორჩენა 7 ქულამდე შეკვეცა – 34:41.

მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებს ჩავარდნა ჰქონდა, რის გამოც ილიას ზუროსმა მოთამაშეებს მკაცრი გაფრთხილებები მისცა. ათწუთეული ქართველებმა 14:28 წააგეს და ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით – 55:62 ჩამორჩნენ. ბოლო პერიოდში შედარებით თანაბარი თამაში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულებამდე სამზე ოდნავ მეტი რჩებოდა და სტუმრები 4 ქულით იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში კაპიტნისა და ლიდერის, თორნიკე შენგელიას გარეშე (დაგეგმილი დასვენება) მოთამაშე ქართველებმა არაერთი შეცდომა დაუშვეს და საბოლოოდ 13 ქულით დამარცხდნენ.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც 16 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. 15 ქულა და 9 მოხსნა გიორგი შერმადინის ანგარიშზეა, დუდა სანაძემ 9 ქულა მოაგროვა, ბექა ბურჯანაძემ – 8, ხოლო გიორგი ცინცაძემ და თედ მაკფადენმა თავი 7-7 ქულას მოუყარეს.

ამით საქართველოს ნაკრებმა თბილისში ამხანაგური მატჩები დაასრულა და ორშაბათს, გამთენიისას, ათენში მიემგზავრება, სადაც ტრადიციულსა და ცნობილ საერთაშორისო ტურნიზე – “აკროპოლისის თასზე” იასპარეზებს. საბერძნეთის დედაქალაქი აღნიშნულ ამხანაგურ ტურნირს 31-ედ მასპინძლობს და ის 2017 წელს საქართველოს ნაკრებს მოგებული აქვს, როცა სერბეთსა და საბერძნეთს მოუგო, იტალიასთან კი დამარცხდა, მაგრამ თასი მაინც საქართველოში ჩამოიტანა.

წლეულს საქართველო მეორედ იასპარეზებს “აკროპოლისის თასზე” და ჩვენი ნაკრების განრიგი ასეთი იქნება:

17 აგვისტო (19:00) თურქეთი – საქართველო
18 აგვისტო (22:00) საქართველო – საბერძნეთი
19 აგვისტო (19:00) საქართველო – პოლონეთი

„აკროპოლისის თასზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია იმედი შემოგვთავაზებს.