დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი “ტიტები” გახდა. ფინალური მატჩი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით გაიხსნა, რითაც მატჩის მონაწილეებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალის საიუბილეო, მე-20 გათამაშების ფინალში ტიტულის მოქმედი მფლობელი “ქუთაისი” დაამარცხა. იმერულმა კლუბმა დადიანის მემორიალი შარშან მოიგო და ახლაც ახლოს იყო გამარჯვებასთან, თუმცა “ტიტებმა” ფინალური შეხვედრა ისე კარგად ითამაშეს, ქუთაისელებს შანსი არ დაუტოვეს – 94:85 (სტატისტიკა).
“არ მოველოდი, თუ ამ ტურნირს მოვიგებდით, განსაკუთრებით, პირველი მატჩის შემდეგ” – განაცხადა ფინალური მატჩის შემდეგ “ტიტების” მთავარმა მწვრთნელმა, ბესო ლეჟავამ. მისმა გუნდმა დადიანის მემორიალის სადებიუტო შეხვედრა “ვერასთან” დათმო და ჯგუფში ჩარჩენის ზღვარზე იყო, თუმცა შემდეგ ლეჟავას გუნდმა მიჯრით 3 შეხვედრა მოიგო, რომელთაგან მესამე ფინალური, საჩემპიონო იყო. “ტიტები” განუწყვეტლივ პროგრესირებდა, ყოველი მომდევნო შეხვედრა წინაზე უკეთესი, გამართული და გააზრებული იყო. სწორედ ამის წყალობით მიაღწია ამ გუნდმა წარმატებას და არსებობის ისტორიაში დუდუ დადიანის თასს პირველად შესწვდა.
შემადგენლობის მხრივ უპირატესობას ტიტები არ ფლობდა. ქუთაისელებს ლეგიონერებიც კარგი ჰყავს და ქართველი მოთამაშეებიც. ტიტების წარმატების იარაღი ლეგიონერთა შეთამაშება, ერთმანეთთან სწრაფი ადაპტაცია იყო. ჯორდან რობერტსონი, რომელიც ფინალისა და მთლიანად ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მატჩში საშუალოდ 26.3 ქულას აგროვებდა. მან ფინალურ შეხვედრაში 29 ქულა მიითვალა და გამარჯვებაში თანაგუნდელ ლეგიონერებთან ერთად ლომის წილი დაიდო. მასთან ერთად შეხვედრის ბედის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჯევიონ ოგუნიემი გახლდათ – ცენტრი, რომელმაც ქუთაისელთა სამწამიანში გაილაღა და ტიტებს ფარქვეშ სოლიდური უპირატესობა დაუბევა. პერიმეტრზე რობერტსონთან ერთად ისააკ ასრატი ირჯებოდა უბადლოდ და ქუთაისელებს გასაქანი არ ჰქონდათ.
მატჩის მესამე პერიოდში ტიტების უპირატესობამ 15 ქულას გადააჭარბა, რაც გამარჯვებაზე ხმამაღალი განაცხადი იყო. დარჩენილ დროში ქუთაისელებმა ვერაფერი შეცვალეს. მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება იყო. რობერტსონის 29 ქულის კვალზე ოგუნიემიმ 20 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 18 ქულა ასრატის ანგარიშზე დაგროვდა, ზაურ ჯანელიძე გამარჯვებულებს 13 ქულით შეეხიდა. “ქუთაისში” 21 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკ მოიერი, ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე 15 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა, რაც იმერულ კლუბში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ჯორდან რობერტსონი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა. გამარჯვებული გუნდის კაპიტან აკაკი ლომოურს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილმა, სანდრო დადიანმა გადასცა.