დღეს საქართველოს თასის გათამაშების კიდევ ერთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ოლიმპიურ სასახლეში დინამომ ბათუმს უმასპინძლა და 93:94 (სტატისტიკა) დამარცხდა, თუმცა რადგან სერიის პირველი შეხვერა 2 ქულით (80:78) ჰქონდა მოგებული, მეოთხედფინალში გავიდა. ორმატჩიანი სერიის ბედი ერთმა ქულამ გადაწყვიტა – დინამოელებმა ჯამში 173:172 იმარჯვეს.
ბათუმელები თასის გათამაშებიდან დასანანად გავარდნენ. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 6 ქულით – 92:86 იგებდა და მიზნის მისაღწევად სამქულიანი გამარჯვება სჭირდებოდა. დარჩენილ დროში ვლადიმერ თავაქარაშვილმა სამქულიანი, ტაილერ უილიამსმა კი საჯარიმოები ჩააგდო და თბილისელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.
აქ გათამაშდა გადამწყვეტი სცენა, როცა ბათუმელთა ახალწვეულმა ტომას უაილდერმა ორიანი ააცილა და ლაშა მიქელაძემ საპასუხო შეტევაში დინამოელები დააწინაურა – 93:92. დარჩენილი იყო 28 წამი, ბათუმელმა ლევან ბაბილოძემ ზუსტი გარღვევით ბათუმელები ქულით რომ დააწინაურა. დინამომ საპასუხო შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი თითქმის მთლიანად ამოწურა, თუმცა ვლადიმერ თავაქარაშვილმა სამიანი ვერ ჩააგდო და ზღვისპირელებს ბოლო შეტევისთვის 4 წამი დარჩათ. ფარიდან ასხლეტილი ბურთი ნემანია კაპეტანოვიჩმა მოხსნა, მოედნის შუახაზს გადასცდა თუ არა, დროის ამოწურვის გამო ბურთი ესროლა, რომელიც რკალს მოხვდა, მაგრამ არ ჩავარდა და ქულით დამარცხებული დინამოელები მეოთხედფინალში გავიდნენ.
თბილისურ გუნდს 22 ქულით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა. 19 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა მოაგროვა. ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზე 11 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. ბათუმში და სრულიად მატჩში საუკეთესო შედეგი ტომას უაილდერმა დააფიქსირა: 39 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი. 18 ქულა ნემანია კაპეტანოვიჩმა მიითვალა.
თასის გათამაშების მერვედფინალური სერიების მორიგი შეხვედრა ხვალ, იმერეთის რეგიონში გაიმართება. ქუთაისი კავკასიას უმასპინძლებს, რომელსაც თბილისური მატჩი 5 ქულით მოუგო. რაც შეეხება რუსთავისა და მეგას სერიას, მეორე მატჩის გამართვის თარიღის განსაზღვრა კლუბ მეგაში კოვიდ-სიტუაციის დარეგულირებაზეა დამოკიდებული.